რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბინის შეძენისას - აუცილებელი კრიტერიუმები, რასაც ახალაშენებული კორპუსები უნდა აკმაყოფილებდეს | Allnews.Ge

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბინის შეძენისას - აუცილებელი კრიტერიუმები, რასაც ახალაშენებული კორპუსები უნდა აკმაყოფილებდეს

თბილისს წლიდან წლამდე ათობით ახალი საცხოვრებელი კორპუსი ემატება. მშენებლების ნაწილი სარეკლამო კამპანიის დროს ყურადღებას გამწვანებასა და სარეკრეაციო ზონაზე ამახვილებს, ზოგიერთი – სიმყუდროვეზე, ადგილმდებარეობაზე და სხვა მახასიათებლებზე, თუმცა საინტერესოა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბინის შეძენისას და რომელია ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელსაც საცხოვრებელი კორპუსი უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კითხვებით Allnews.ge-მ არქიტექტორ თამაზ დოგრაშვილს მიმართა.

დოგრაშვილის განმარტებით, დედაქალაქის კლიმატური ზონა ითხოვს, რომ ბინა იყოს განიავებადი და ჰაერს მოძრაობის საშუალება ჰქონდეს. გარდა ამისა, საჭიროა, რომ ბინაში მზის სხივები აღწევდეს, განსაკუთრებით კი საძინებელში, რომელსაც არქიტეტორის თქმით, რეკომენდებულია მზის სხივები დღეში 1 საათისა და 25 წუთის განმავლობაში მაინც ხვდებოდეს.

"გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეკრეაციას. მაგალითად, წარსულ გამოცდილებაზე რომ ვისაუბრო, საბჭოთა პერიოდში, საცხოვრებელი კორპუსის თითოეულ მცხოვრებზე მოდიოდა შენობის მიმდებარედ 4 კვ მეტრი ფართობი, კორპუსის მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით ეს ტერიტორია ჯამდებოდა და ნაწილდებოდა სარეკრეაციო ზონისთვის, სპორტული მოედნისთვის, ავტომობილის გასაჩერებლად და სხვადასხვა დანიშნულებისთვის. ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნა.

სამწუხაროდ, დღეს რომ ქალაქის განვითარებას ვაკვირდები, ის ნორმატივები, რომლებიც სავალდებულოა განიავების, სიწყნარისა თუ სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებით, ძირითად შემთხვევებში დარღვეულია.

ასევე, აუცილებელია, რომ შენობას სახანძრო მანქანა მიუდგეს.
დღეს ყიფშიძის ქუჩაზე, ვაკის თანამედროვე ათვისებულ რაიონებში, ისეთი ვითარებაა, ღამის საათებში ხანძარი რომ გაჩნდეს და სახანძრო მანქანა შენობას რომ მიუახლოვდეს, გზად უამრავმა მსუბუქმა ავტომობილმა ადგილი უნდა მოინაცვლოს და წარმოიდგინეთ, ხანძრის პერიოდში ეს როგორ ქაოსს ქმნის", - განმარტა მან.

გარდა ამისა, ვისაც ახალ აშენებულ კორპუსში ბინის შეძენა სურს, არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი ურჩევს, რომ ყურადღება სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემებზე გაამახვილონ, რომელიც, მისი შეფასებით, დედაქალაქში პრობლემას წარმოადგენს.

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ატმოსფერული ნალექებისა და სხვა წყაროებიდან წამოსული წყლის სანიაღვრე სისტემიდან გადინება. ახლა სანიაღვრე მეურნეობა მოუწესრიგებელი გვაქვს. მას ვერტიკალური გეგმარების დროს სჭირდება სპეციალური დაპროექტება, რომელიც თითქმის დავიწყებულია. ამაზე სამწუხაროდ არავინ ფიქრობს, ზედაპირული საშუალებებით კი ამ წყლის თავიდან აცილება წარმოუდგენელია, თბილისში ისეთი უხვი ნალექი მოდის, რომ საჭიროა სამეურნეო საკითხების კიდევ უფრო კრიტიკულად დაყენება", - განმარტავს ის.

გარდა ამისა, თამაზ დოგრაშვილის თქმით, საქართველოს სეისმურ ზონაში მდებარეობის გამო მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს სეისმურად მდგრადობაზეც, რაც, როგორც ახალაშენებული, ისე ძველი კორპუსების პრობლემას წარმოადგენს, რადგან მათ დიდ ნაწილზე მიშენებებია გაკეთებული.

ეს სპეციალისტის რჩევებია. საინტერესოა, რა წერია კანონში, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი კორპუსი მერიამ უნდა ჩაიბაროს.
იმისათვის, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ექსპლოატაციაში შესვლის ნებართვა გასცეს, ნაგებობა კანონით დადგენილ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

კანონმდებლობის მიხდვით კი, შენობა–ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა, სამშენებლო საქმიანობის შესაბამის სახელმწიფო ზედამხედველისთვის მშენებლობლობის დოკუმენტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ობიექტის დათვალიერებასა და აზომვაში ხელის შეშლა ან უარის თქმა, ასევე, სანებართვო პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა.

მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ნაგებობის პროექტთან შესაბამისობას ამოწმებს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის ინფორმაციით, დამკვეთს ხარვეზების შესახებ ეცნობება და მათი გამოსწორების საშუალება ეძლევა.

მისივე თქმით, იმ ხარვეზების კონკრეტული ჩამონათვლის გაკეთება, რასაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ძირითად შემთხვევებში აფიქსირებს, რთულია, რადგან ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურები, როგორც თავად განმარტავენ, სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვას კანონმდებლობის შესაბამისად გასცემენ, საინტერესოა, აქამდე ჩაბარებულ პროექტებში რამდენად არის გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოება და ამახვილებს თუ არა ამ საკითხზე ყურადღებას თბილისის მერია.

2017 წლის 1 იანვარს საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილება ამოქმედდა, რაც შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცებას გულისხმობს. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ჩაბარებული ყველა კორპუსი უნდა აკმაყოფილებდეს ათობით კრიტერიუმს. დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ

რაც შეეხება აღნიშნული დადგენილების ამოქმედებამდე ჩაბარებულ საცხოვრებელ კორპუსებს, "არსის" ფინანსური დირექტორის, თორნიკე აბულაძის ინფორმაციით, შენობების უმეტეს ნაწილში უსაფრთხოების წესები გათვალისწინებული არ არის, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. მოქალაქეთა ნაწილიც Allnews.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათ საცხოვრებელ კორპუსში, რომლებიც მერიამ 2017 წლამდე ჩაიბარა, არ არის მაგალითად, საევაკუაციო კიბე, შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ უნდა დაიცავენ თავი იქ მცხოვრებლებმა, სახანძრო განგაშის შემთხვევაში.

myquiz