სიახლეები მათთვის, ვისაც მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება სურს | Allnews.Ge

სიახლეები მათთვის, ვისაც მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება სურს

მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა წლის ბოლომდე გადავადდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, შესაბამისი პროექტი "თითქმის დასრულებულია".

"ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება", - განაცხადეს უწყებაში.

მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ამ დრომდე 2018 წლის პირველი ნახევრიდან იყო დაანონსებული.

მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება მოუწევთ. კერძოდ, შესაბამის პირებს ვალდებულება ექნებათ, გამოცდა ჯერ ძველი სისტემით - დახურულ მოედანზე ჩააბარონ, ქალაქში - რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარების უფლებას კი მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებენ.

"მართვის მოწმობის მისაღებად, კანდიდატს თეორიული და განახლებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად დაიყოფა. კანდიდატები პირველ რიგში გამოცდას დახურულ მოედანზე, არსებული ბარიერების გადალახვის შემდეგ შეძლებენ. მხოლოდ ამის შემდეგ გადავა პოტენციური მძღოლი, გამოცდის მეორე, მართვის უფლების მისაღები გამოცდის ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე", - განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.

მათივე განმარტებით, ძალაში რჩება დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდისას ამ დროისთვის არსებული ყველა - ექვსივე კომპონენტი, რომელთა გავლაც მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ამჟამად უწევთ.
კიდევ ერთი ინფორმაცია, როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ახალი სისტემით, საწყის ეტაპზე, ზუგდიდსა და ფოთში არ ჩატარდება, ვინაიდან ამ ორ ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ფოთსა და ზუგდიდში მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა, მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება.

"მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება ყველა იმ ქალაქში მოხდება, სადაც გამოცდებს კანდიდატები აქამდე აბარებდნენ. პროექტის საწყის ეტაპზე გამონაკლისი იქნება ზუგდიდისა და ფოთის მომსახურების ცენტრები, ვინაიდან ამ ქალაქებში მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციების, ასევე ასფალტის საფარის ცვლილებას ითვალისწინებს. ფოთსა და ზუგდიდში, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარება აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი", - განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.

myquiz