ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რას აცხადებს მოკრივის დედა? | Allnews.Ge

ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რას აცხადებს მოკრივის დედა?

ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

სასჯელის ზომა ამ ეტაპზე უცნობია. მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია იყო, რომელსაც გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიებდა.

არსებითი განხილვა საქმეზე 5 ივნისს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ხურციძეც შედიოდა, არალეგალური ვაჭრობითა და თაღლითობით (არაერთგზის!) იყო დაკავებული. სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული.

39 წლის ხურციძე, რომელსაც კრივში 33 მოგება, ორი ფრე და ორი მარცხი აქვს, ნიუ-იორკში გასული წლის ივლისში, ე.წ. რუსული მაფიის საქმეზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ხურციძეს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

საქმის დეტალებზე რამდენიმე დღის წინ სტატია New York Post-მა გამოაქვეყნა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ხურციძის წინააღმდეგ შესაძლოა ვიდეომტკიცებულებას ემუშავა. გამოცემის ინფორმაციით, ბრალდების მხარე აპირებდა, ნაფიცი მსაჯულებისთვის წარედგინა რამდენიმე ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ ემუქრება ან ესხმის თავს ადამიანებს ხურციძე ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სახელით.

"ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ხურციძე სახეში ურტყამს მამაკაცს, რომელმაც, სავარაუდოდ, შულაიას მფლობელობაში მყოფი ერთ-ერთი სამორინედან ფული მოიპარა. შემდეგ შულაია სილას ურტყამს იმავე მამაკაცს და ამბობს, რომ, თუ ფულს არ გადაიხდის, ამას შედეგები მოჰყვება", - წერს New York Post-ი.

ავთანდილ ხურციძისა და რაჟდენ შულაიას საქმის პროკურორის, ენდრიუ თომასის განცხადებით, "შულაია ნამდვილი ხელმძღვანელი, ხურციძე კი მისი ჯარისკაცი იყო", თუმცა ხურციძის ადვოკატი, მეგან ბენეტი აცხადებს, რომ "ხურციძემ და შულაიამ ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს და ურთიერთობდნენ, თუმცა კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონიათ".

საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ჩემი შვილის დასახმარებლად, - ამის შესახებ "ინტერპრენიუსს" ამერიკაში დაკავებული ქუთაისელი მოკრივის, მსოფლიო ჩემპიონის, ავთანდილ ხურციძის დედამ, მაყვალა ხურციძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება, რომლებმაც მისი შვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, ახლახანს შეატყობინეს.

"მე ადვოკატი არ დამკავშირებია, დაგვირეკავს, ალბათ. ჩვენ იმდენივე ვიცით, რაც პრესაში ქვეყნდება. სამართალს ვერ მივაღწიეთ. ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა, თუმცა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ნუთუ მთავრობა არ უნდა დაინტერესდეს ამ ამბით? მსოფლიოში ჩვენი ქვეყანა არაერთხელ ასახელა, კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, თუმცა არავინ მოგვეხმარა. ერთი წელია, არც არავის დაურეკავს და ამბავიც არ მოუკითხავთ", - განაცხადა სპორტსმენის დედამ.

myquiz