მაჩალიკაშვილების ოჯახი დღეს პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციას გამართავს | Allnews.Ge

მაჩალიკაშვილების ოჯახი დღეს პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციას გამართავს

პანკისში დღეს აქცია გაიმართება. ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თემირლან მაჩალიკაშვილის დამ განუცხადა, 14:00 საათზე, სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში შეიკრიბებიან და ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნას გააჟღერებენ.

მაჩალიკაშვილების ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აქციები თბილისში გაგრძელდეს.

პანკისის ხეობის მოსახლეობა ითხოვს, აღიარებული იქნას თემირლანი უდანაშაულოდ, სახელმწიფომ თქვას, რომ შეცდომა დაუშვა,- ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, პანკისის მოსახლეობას, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, სხვადასხვა მოთხოვნა აქვს.

"აქციები იწყება ხეობაში. ხელისუფლება ცდილობს ამ საქმის მიჩქმალვას, ჩემს დისკრედიტირებას. ხალხი არ არის უტვინო. ხეობის მოსახლეობა ითხოვს, აღიარებული იქნას თემირლანი უდანაშაულოდ, სახელმწიფომ თქვას, რომ შეცდომა დაუშვა და სასტიკად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ სპეცოპერაციით ასეთი აუხსნელი შეცდომა დაუშვა, კერძოდ კი, ვახტანგ გომელაური, იოსებ გოგაშვილი და სპეცრაზმელი", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

myquiz