ორი მიზეზი, რის გამოც ტექდათვალიერება სატრანსპორტო საშუალებების უმრავლესობამ ვერ გაიარა | Allnews.Ge

ორი მიზეზი, რის გამოც ტექდათვალიერება სატრანსპორტო საშუალებების უმრავლესობამ ვერ გაიარა

15 ივნისის მონაცემებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 34 740 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, რომლის 74.48% ანუ 25 876 ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული აღმოჩნდა, 23,43% ანუ 8 142 კი დახარვეზებული, - ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-ს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციამ მიაწოდა.

ასოციაციის ინფორმაციით, განმეორებითი ინსპექტირება 5 696-მა (69,95%) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც განმეორებით დახარვეზებული 234 (4,108%) მათგანი აღმოჩნდა. ინსპექტირებაგავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან კი 722 (2.078%) მათგანის გზაზე გადაადგილება დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია იუწყება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უმეტესობის დახარვეზება სამუხრუჭე სისტემისა და გამონაბოლქვის ინსპექტირების დროს მოხდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხოთ.

რა ელის ავტომობილს თუ ტექდათვალიერებისას ხარვეზი დაფიქსირდება?

სამუხრუჭე სისტემის პრობლემა, რომელსაც უსაფრთხოების თვალსაზრისით მძღოლების მიერ დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თუმცა არანაკლებ საფრთხისშემცველია ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვი, რომელიც დედაქალაქში ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი ფაქტორია.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტექნიკური ინსპექტირების შემოღებას მხარი დაუჭირეს, გამონაბოლქვის შემცირება და ჰაერის გაჯანსაღება იყო, თუმცა ეს პროცესი თანამიმდევრულად ვერ მიმდინარეობს, რადგან ხარვეზის მქონე ავტომობილების შემთხვევაში აღსრულების ნაწილი მოწესრიგებული არ არის.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის და "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, ავტოპარკი საკმაოდ მოძველებული და გაუმართავია, რაც ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ჰაერის დაბინძურების მიმართულებით დიდ რისკებს ქმნის.

ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ავტომობილების 45%-ზე მეტი 20 წელს გადაცილებულია, ამავდროულად, დავით მესხიშვილი აღნიშნავს, რომ ავტოპარკის 91% 10 წელზე მეტისაა, რაც ავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე პირდაპირ აისახება.

გარდა ამისა, ლალიაშვილის თქმით, ტექნიკურ ინსპექტირებასა და დამატებით რეგულაციებს აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა შეუძლია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო აღსრულების ნაწილზეც იზრუნებს.

"მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლიდან ამჟამად შემოწმებული კატეგორიის ავტომობილებისთვის ტექინსპექტირება ამოქმედებული იყო, ავტომობილის შესამოწმებლად ძალიან მცირე ნაწილი მიდიოდა, ახლა კი წლების დაგროვილმა პრობლემებმა თავი იჩინა და გამოდის, რომ ამ ტრანსპორტის ძალიან დიდი რაოდენობა მოხმარებიდან ამოსაღებია. იმის ფონზე, თუ ქვეყანაში როგორი ავტოტრანსპორტია, ეს ნამდვილად არ არის მოულოდნელი, მაგრამ ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი, რომელიც არის ადმინისტრირების გაუმჯობესება. მიუხედავად იმისა, ავტომობილები დახარვეზებულია თუ არა, შესაძლოა, ქუჩებში კვლავ მოძრაობდნენ, რადგან არავინ ეუბნებათ, რომ არ უნდა იარონ.

ადმინისტრირებაში ჩვენ ვგულისხმობთ არა იმას, რომ პოლიციამ ეს ავტომობილები უნდა გააჩეროს და ჯარიმა გამოუწროს, რაც წარმოუდგენელია, არამედ საჭიროა, ამ კატეგორიის ავტომობილების დაჯარიმება ნომრის მიხედვით, ჭკვიან კამერებთან იყოს მიერთებული. ჭკვიან კამერებს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ თუნდაც ნომრის შეყვანით დაფიქსირდეს, გავლილი აქვს თუ არა ტრანსპორტს ტექინსპექტირება, ამიტომ მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხის გაუმჯობესებაში ჩადოს რესურსი. მომავალში კიდევ უფრო მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის შევა ეს კანონი ძალაში და თუ ადმინისტრირება კვლავ დაბალი იქნა, გამოდის, რომ რეფორმა ტყუილად ჩატარდა" - განმარტა ეკა ლალიაშვილმა.

ე.წ ჭკვიანი კამერების მიერ დახარვეზებული ავტომობილების ამოცნობის შესახებ საუბრობს დავით მესხიშვილიც, მისი თქმით, ამ მიმართულებით რეფორმის განხორციელება აუცილებელია. გარდა ამისა, იმისათვის, რომ ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში აღმოიფხვრას, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება და ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ძველი ავტომობილების განბაჟების საფასურს გააძვირებს, ახალი ავტომობილების შემთხვევაში კი შეამცირებს, რაც ახლა პირიქითაა.

"ჩვენი ავტოპარკი არის ძველი, რაც თავისთავად ქმნის უფრო მეტი გამონაბოლქვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სახელმწიფოს ავტოპარკის განახლების თანმიმდევრული პოლიტიკა არ გააჩნია და ის რაც ახლა გვაქვს, ავტოპარკის განახლებას არ ემსახურება. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა წაახალისოს, რომ ადამიანებმა ახალი ავტომობილები შეიძინონ. ახლანდელი განბაჟების სისტემა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს და გულისხმობს იმას, რომ 1 წლის ავტომობილის განბაჟება უფრო ძვირია, ვიდრე 6-7 წლის, ავტოპარკის განახლების პრინციპს პირდაპირ ეწინააღმდეგება. განბაჟების სისტემა პირდაპირ შესაცვლელია", - განმარტავს დავით მესხიშვილი.

შეგახსენებთ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ეტაპობრივად ხორციელდება. პირველ ეტაპზე სავალდებულო ტექინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს 3,5ტ. ზემოთ) შეეხოთ. 1 ივლისიდან კი სავალდებულო ტექინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები.

1 ივლისიდან ტექდათვალიერების მომდევნო ეტაპი ამოქმედდება

myquiz