დანით პოლიციელის შეშინება მინდოდა და არა მოკვლა - პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებული | Allnews.Ge

დანით პოლიციელის შეშინება მინდოდა და არა მოკვლა - პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებული

დანით პოლიციელის შეშინება მინდოდა და არა მოკვლა,- ამის შესახებ ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობაში ბრალდებულმა ბესიკ ტაკიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. ბრალდებულის თქმით, შემთხვევის დღეს მდინარეზე საქეიფოდ იმყოფებოდა სახლში დაბრუნებისას საკუთარ სახლთან სამართალდამცავები დაინახა და მათთან გასაუბრებას შეეცადა.

როგორც ბრალდებული ამბობს, სამართალდამცავებს ნასვამ მდგომარეობაში რომ მიუახლოვდა, ბუტა ანთაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიის დატოვება სთხოვა. ბრალდებული ამბობს, რომ "შეურაცხყოფის გამო, პოლიციელის შეშინება გადაწყვიტა", თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა.

"დაკავებისას იზოლატორში წყალს არ მასმევდნენ, საპირფარეშოშიც არ მიშვებდნენ. რასაც მედავებიან არ ვეთანები. მეგობრებთან ერთად მდინარეზე ვიმყოფებოდი საქეიფოდ და დანა თან მქონდა წაღებული. უკან დაბრუნებისას გამოვედი სოფელ მუხაესტატეს ცენტრში, სადაც ხის გადატანა მიმდინარეობდა. სახლისკენ რომ მივდიოდი ხალხმრავლობა დავინახე. პოლიციელებიც დავინახე და საუბარს შევეცადე. მოვიდა ბუტა ანთაძე და მითხრა სახლში გაეთრიეო... შემაფურთხა, რის გამოც ავღელდი. ნერვებმოშლილმა დანა ავიღე და გამოვიყენე. შეშინება მინდოდა, ვიდრე მოკვლა. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია მოხდა, რის გამოც ძალიან ვწუხავრ და ვუსამძიმრებ ოჯახს",- განაცხადა ბესიკ ტაკიძემ.

ხოლო როგორც პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბესიკ ტაკიძე სამართალდამცავებს ხელს უშლიდა. მისივე თქმით, პოლიციელმა ბუტა ანთაძემ ბრალდებულს მოუწოდა, რომ ტერიტორიიდან წასულიყო, თუმცა ბესიკ ტაკიძე პოლიციელის მოთხოვნას არ დაემორჩილა, გაღიზიანდა და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

"16 ივნისს, სოფელ გვარაში, რა დროსაც არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის პროცესი მიმდინარეობდა, ბუტა ანთაძე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. დაახლოებით ღამის 3 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვას ხელს უშლიდა. პოლიციის უფროსი ტაკიძეს მოუწოდებდა არ შეეშალა ხელი ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვაში, რაზეც ბრალდებული გაღიზიანდა, მოულოდნელად პოლიციელს თავს დაესხა და სამზარეულოს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს",- განაცხადა ფრიდონ ქარცივაძემ.

დაკავებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

"ჩვენ ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას, რადგან გამოძიება რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება, რეალურად ასე არ არის", - ამის შესახებ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა დალი ინაიშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

"პროცესის შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებ. მკვლელობა მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს, მაგრამ არა იმ მუხლით, რასაც გამოძიება ედავება. ფაქტიურად მოხდა პოლიციაში არაადამიანური მოპყრობა და ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ გამოვავლინოთ ეს ფაქტიც. მოტივი არის მძიმე შეურაცხყოფა, რაც გარდაცვლილმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მიაყენა. მანამდეც იყო შეურაცხყოფა, არამხოლოდ მის მიმართ, არამედ სოფელში სხვა პირების მიმარ. პოლიციის უფროსი მტრულად იყო განწყობილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. ჩვენ ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიციერებას 109-ე მუხლის ნაცვლად 108-ე მუხლით, რაც თავიდან იყო და მერე პროკურატურამ დაუმძიმა. ფაქტის დროს ბრალდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში",- განაცხადა ბესიკ ტაკიძის ადვოკატმა დალი ინაიშვილმა.

myquiz