ანტივანდალური კონსტრუქციის საპირფარეშოები თბილისში ივ­ლის­ში და­იდ­გმე­ბა | Allnews.Ge

ანტივანდალური კონსტრუქციის საპირფარეშოები თბილისში ივ­ლის­ში და­იდ­გმე­ბა

ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება საზოგადოებრივი ტუალეტების საკითხი. თბილისში ათი ათასობით ტურისტი ჩამოდის, შესაბამისად, აუცილებელია, ტურისტულ თუ არატურისტულ ზონებში საპირფარეშოების მოწყობა.

როგორც გავარკვიეთ, თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო ივლისში დაიდგმება. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საპირფარეშოები 30 ადგილზე განთავსდება, მათ შორის ტურისტულ ზონებშიც.

ცნობილია რომ, საპირფარეშოებით მომსახურებისთვის, თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე "მეტრომანითა" და სხვა პლასტიკური ბარათებით.

"საპირფარეშოები ისე იქნება მოწესრიგებული, რომ ყველაფერს თვითონ გააკეთებს, ექნება ავტომატური რეცხვა და ადამიანის ჩარევა ნაკლებად იქნება," - განმარტეს ქონების მართვის სააგენტოში.

გარდა ამისა, კომპანია "სითი ბოქსს," რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოებს განათავსებს, ვალდებულება აქვს, რომ ობიექტები იყოს შშმ პირებისთვის ადაპტირებული, საინფორმაციო წარწერებზე იყოს გათვალისწინენული ბრაილის შრიფტი. ამასთან, საპირფარეშო აღჭურვილი იქნება ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით.

"ეს იქნება მზა კონსტრუქცია, რომელიც უკვე შეკვეთილია და უნდა ჩამოიტანონ. კონსტრუქციები იქნება ანტივანდალური, ანუ სპეციალური მასალით დამზადებული. მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოწესრიგებული და გამზადებულია და დადგმა სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება," - განმარტეს ქონების მართვის სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, ანტივანდალური და ავტომატიზირებული საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება მოიჯარე, რომელიც ასევე ვალდებულია, ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში 24-საათიანი რეჟიმით განახორციელოს. რამდენი იქნება საპირფარეშოს მომსახურების საფასური ?

myquiz