სტიქიის შედეგები თბილისში - განსაკუთრებული პრობლემები გლდანში, მუხიანსა და დიღომში დაფიქსირდა | Allnews.Ge

სტიქიის შედეგები თბილისში - განსაკუთრებული პრობლემები გლდანში, მუხიანსა და დიღომში დაფიქსირდა

საბურთალოს ახალ გზაზე მოძრაობა დილიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგა. შსს-ს ინფორმაციით, უამინდობის გამო, გვიან ღამით, ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი მოქმედებდა.

თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად, 01:00 საათის მონაცემებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 153 შეტყობინება შევიდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, შესული შეტყობინებების ნაწილი ფიქტიური აღმოჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი შეტყობინება გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან დაფიქსირდა. შეტყობინებები ასევე შევიდა: დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან.

მთელი ქალაქის მასშტაბით, სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო თბილისის ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური.

წყლის ძლიერმა ნაკადმა დააზიანა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდას დამაკავშირებელი გზა. მეხანძრე-მაშველებმა უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების უსაფრთხო გაყვანა უზრუნველყვეს. ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ხის წაქცევის გამო გზა ჩაიხერგა, ამ დროისთვის, გზა გაწმენდილია და შეფერხებები მოხსნილია. მეხანძრე-მაშველებმა უზრუნველყვეს იმ მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილება, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობდნენ.

დედაქალაქში წუხანდელი უამინდობის შედეგად ძირითადი გამოძახებები გლდანში, მუხიანსა და დიღომში დაფიქსირდა. დაიტბორა "ახმეტელის მეტროს" შესასვლელი. გლდანის რაიონში ასევე დაფიქსირდა კიდევ ერთი გამოძახება საცხოვრებელ კორპუსში, რომლის სარდაფიც დაიტბორა და სამაშველო სამსახურმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელა.

საავტომობილო გზის მონაკვეთზე მომატებული იყო წყლის დონე, რის გამოც, ავტომობილები შეფერხებით მოძრაობდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.

myquiz