როგორია გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა | Allnews.Ge

როგორია გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 20-მდე ადამიანი - ბავშვები და მშობლები სხვადასხვა დაზიანებით - მოტეხილობებითა და დაჟეჟილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, რომელიც ამ საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, დაშავებული მშობელებისა და ბავშვების მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მათგან 2 ადამიანია რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.

მისივე თქმით, რეანომობილები მობილიზებულია და მას შემდეგ, როცა ექიმები გადაწყვეტენ, გადაიყვანონ თუ არა დაშავებულები თბილისში, ამისთვის სრული მზადყოფნა არსებობს.

"მე ვიმყოფები საავადმყოფოში. რაიმე დამატებითი რესურსი ჯერჯერობით საჭირო არ არის, ყველაფერი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაშავებულებს სათანადო და გადაუდებელი დახმარება გაეწიოთ. რაც მე ვნახე და რისი თქმაც შემიძლია, საავადმყოფოში მოთავსებულ 20-მდე ადამიანს აღენიშნება ძირითადად, მოტეხილობები და დაჟეჟილობები", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, ირაკლი სესიაშვილის თქმით, გომბორის აღნიშნული მონაკვეთი ყველაზე საშიში გზა არის და ამ მონაკვეთზე აუცილებელია წესების დაცვა.

"ნამდვილად, იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რასაც შემდგომ ექსპერტიზა იტყვის, მაგრამ, როგორც მძღოლი, ვამბობ, რომ თუ ხარ გამოუცდელი ამ გზაზე, აღნიშნულ მონაკვეთზე აუცილებლად უნდა დაექვემდებარო საგზაო ნიშნებს. სპეციალურად ამ მონაკვეთზე არის დიდი აბრა, სადაც აღნიშნულია, რომ მძღოლმა აუცილებლად უნდა შეანელოს სვლა, იმიტომ, რომ არის დაღმართი, შემდგომ მოსახვევი და რთული მონაკვეთი", - განაცხადა სესიაშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ხევში გადავარდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი.

myquiz