აზარტული თამაშებისთვის თანხებს სწრაფი გადახდის აპარატებიდან ვეღარ ჩარიცხავენ - რას გულისხმობს ახალი რეგულაციები | Allnews.Ge

აზარტული თამაშებისთვის თანხებს სწრაფი გადახდის აპარატებიდან ვეღარ ჩარიცხავენ - რას გულისხმობს ახალი რეგულაციები

სათამაშო ბიზნესის რეგულირებისთვის კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მოხდება გარკვეული საკითხების ფინანსთა სამინისტროსთან შეჯერება, პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს.

გოგიჩაიშვილის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ასაკობრივი ცენზის განსაზღვრას, რომელზე მუშაობაშიც საქართველოს საპატრიარქოც ჩართულია.

"საპარტრიარქო ითხოვს, ასაკობრივი ცენზი განისაზღვროს 23-24 წლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 22 წელი ოპტიმალურია. საქართველოში თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს, მოქალაქეები სამუშაო ადგილებით განებივრებული არ არიან და ხშირ შემთხვევაში, ეს აზარტული თამაშები ოჯახებისთვის პრობლემაა" - განმარტავს გოგიჩაიშვილი.

დეპუტატის ინფორმაციით, რეგულაციების მიხედვით, აზარტულ თამაშებში ჩართვის მსურველი ონლაინ-კაზინოებში თანხებს საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხავს. გარდა ამისა, აიკრძალება თანხების სწრაფი გადახდის აპარატებიდან გადარიცხვა. თამაშის მსურველმა ონლაინ-კაზინოს საკუთარი ანგარიში უნდა შექმნას, რომლის გამოყენების უფლება სხვას არ ექნება.

"ჩვენ ასევე ვითხოვთ მოთამაშეების ერთიანი რეესტრის შექნას, რათა რეგისტრაცია ყველაზე გავრცელდეს. საუბარია ერთიან ბაზაზე, რომელზეც წვდომა ექნება ყველას, ვინც ამ სფეროში იქნება, რადგან, მაგალითად, თუ მოთამაშეს სასამართლომ კაზინოში თამაში აუკრძალა, ამის შესახებ სადღაც ხომ უნდა გამოჩნდეს, მაგალითად, რომელიმე ტოტალიზატორი ამის შესახებ გადაამოწმებს ინფორმაციას. დაახლოებით, როგორც საბანკო სფეროშია, ასეთი ბაზა იქნება. თუ რეგისტრაციას არ გაივლი, მაშინ უკვე ონლაინ-კაზინოში ლეგალურად ვერ შეხვალ, არალეგალურ შესვლას კი თავისი სანქციები ექნება. ჩვენ არავის არაფერს ვუკრძალავთ, უბრალოდ, რეგისტრაციას ვითხოვთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავთვალოთ, აზარტულ თამაშებში რამდენი მოქალაქეა ჩართული," - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის თქმით, რეგულაციები გავრცელდება საჯარო მოხელეებზეც. კერძოდ, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს აზარტულ თამაშებში ჩართვა აეკრძალება, რისთვისაც მას შესაძლოა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა დაევალოს. კითხვები არსებობს სათამაშო ბიზნესის შემოსავლებთან დაკავშირებითაც.

myquiz