"ფეხით მოვედი ნახალოვკიდან საბურთალომდე" - რა ხდება დედაქალაქში როდესაც მეტრო არ მუშაობს? | Allnews.Ge

"ფეხით მოვედი ნახალოვკიდან საბურთალომდე" - რა ხდება დედაქალაქში როდესაც მეტრო არ მუშაობს?

მეტროსადგურების დაკეტვის გამო, თბილისში მოსახლეობისთვის ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება მეორე დღეა, გართულებულია. გადატვირთულობის გამო, ტრანსპორტი რიგ გაჩერებებზე არ აჩერებს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამარშრუტო ტაქსების უმრავლესობას ნომრები აქვთ გათიშული და კარი ჩაკეტილი, შედეგად, მგზავრები ასვლას ვერ ახერხებენ.

"აბანოთუბნიდან მივდიოდი პეკინზე, რა თქმა უნდა, ვერ გავაჩერე "მარშუტკა", ტაქსით წამოვედი, რომელსაც 2 მგზავრი ეჯდა კიდევ. ერთი მგზავრი მარჯანიშვილზე მიდიოდა, მეორე რუსთაველზე და მე საბურთალოზე, სამივეს 10-10 ლარი გამოგვართვა, წარმოგიდგენიათ?".

"სკოლაში ვერ დამყავს შვილები, რადგან აქამდე მეტროთი გადავაადგილდებოდით, ავტობუსში და მიკროავტობუსში ასვლა კი, შეუძლებელია. გუშინ, სრულიად უცხო ადამიანს დავემგზავრე, რომელიც აღმოჩნდა, რომ იმავე უბანში მიდიოდა, სადაც მე. დღეს კი სამსახურში მისვლა ფეხით გადავწყვიტე. ნახალოვკიდან საბურთალომდე ფეხით მოვედი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე უბნის ფეხით გავლამ მომიწია, ვერ ვიტყვი, რომ ცუდი იყო, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს საშინელი გამონაბოლქვი, რომელიც საცობის გამო კიდევ უფრო მომატებული იყო. სულ რომ ჯანსაღად ცხოვრება გინდოდეს, არ ეწეოდე, ნორმალურად იკვებებოდე, ვარჯიშობდე და ფეხით მოძრაობდე, ეს დაბიძნურებული ჰაერი და გამონაბოლქვი ყველას ბოლოს მოგვიღებს, სამწუხაროდ".

"დილით ტრანსპორტში ასვლა არის შეუძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერება არც ისე შორსაა, ტრანსპორტი ისეთი გადავსებულია, რომ არც აჩერებს. იგივეა ავტობუსებზე, კარი მხოლოდ საჩვენებლად იღება, ასვლით მაინც ვერავინ ავა. ტაქსებმა კი ისეთი ფასი დაადეს მომსახურებას, რა გზაზეც ადრე 6 ლარად მიდიოდნენ, ახლა ორმაგს მთხოვენ".

"ტრანსპორტში ვერ ავედი. გელოვანის გამზირზე ვიდექი დაახლოებით 20 წუთი. ბოლოს იძულებული გავხდი, ტაქსით წავსულიყავი სამსახურში. გზაში კიდევ საშინელი საცობი იყო. პოლიციას დროებით ვახუშტის ხიდი გადაკეტილი ჰქონდა".

Allnews.ge გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რა ხდება ქალაქში, როდესაც მეტრო არ მუშაობს?

myquiz