"ვერც ერთი მემანქანე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე" - მემანქანეების გაფიცვა და კახა კალაძის გამოხმაურება | Allnews.Ge

"ვერც ერთი მემანქანე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე" - მემანქანეების გაფიცვა და კახა კალაძის გამოხმაურება

ვერც ერთი მემანქანე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე, - ამის შესახებ ერთ-ერთმა მემანქანემ, რატი კაპანაძემ გლდანის დეპოში, მემანქანეთა გაფიცვაზე განაცხადა. მისი თქმით, ისინი მოსამართლის გადაწყვეტილების შესაბამისად, არასამუშაო საათებში გაიფიცებიან, თუმცა ეს მაინც გამოიწვევს მეტროპოლიტენის პარალიზებას.

"მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ არაკანონიერი და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო, მაინც დავემორჩილებით მის განჩინებას და როგორც მოსამართლემ გვითხრა, არასამუშაო საათებს, როდესაც მემანქანეები ისვენებენ, გამოვიყენებთ გაფიცვისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე დღეს ცვლაში წასასვლელი ადამიანები იქნებიან ფიზიკურად გადაღლილი. ამავდროულად, ვაცხადებთ შიმშილობას და ეს ადამიანები იქნებიან აბსოლუტურად გამოფიტულები. აქედან გამომდინარე, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაზე ვერც ერთი მათგანი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.

თქვენ იცით, რომ თბილისში დღე-ღამის განმავლობაში 400 ათასამდე ადამიანის გადაყვანას ახორციელებს მეტროპოლიტენი, ამიტომ იმის გამო, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებენ მემანქანეები მატარებლის უსაფრთოდ მართვას, ეს ავტომატურად გამოიწვევს მეტროპოლიტენის გაჩერებას“, - განაცხადა რატი კაპანაძემ.

მემანქანეებმა არასამუშაო საათებში გაფიცვა და შიმშლობა დაიწყეს, რაც მათი თქმით, 4 ივნისს მეტროს პარალიზებას გამოიწვევს.

მეტროს მემანქანეები გაფიცვას ხელფასის მომატების მოთხოვნით აწყობენ. აღსანიშნავია, რომ გაფიცვის მიუხედავად მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეფერხებულა, რადგან გაფიცვას მხოლოდ ის მემანქანეები აწყობენ, რომლებსც დღეს სამუშაო ცვლა უკვე დაუმთავრდათ.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით კი, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასის 45%-ით გაზრდა შეუძლებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ მემანქანეები დღეს საღამოს გაფიცვას გეგმავენ, შანტაჟის ენით საუბარს ნიშნავს. "ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით საკმაოდ კარგად ავხსენი, რომ დღეს შეუძლებელია ამაზე საუბარი. ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ არის. ვიცით, რომ სატრანსპორტო კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 16 მილიონი ლარით გადის მინუსში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მემანქანეები, რომელთა ხელფასები 1400-დან 1800 ლარამდე მერყეობს, გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან. ეს არ არის ჩემთან მიმართებაში საუბარი. ისინი შანტაჟის ენით ელაპარაკებიან დედაქალაქის მოსახლოებას, 400 ათას ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მეტროთი გადაადგილდება და ეუბნებიან, რომ 1400, 1600, 1800 ლარი მათთვის საკმარისი არ არის და ხელფასი 45%-ით მოვუმატოთ.

ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას - ვკითხოთ იმ 400 ათას ადამიანს, რამდენია მათი საშუალო ხელფასი და ამით ყველაფერი იქნება ნათქვამი. ეს არ არის სწორი ფორმა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში შანტაჟის ენით საუბარს არ დავუშვებთ იმიტომ, რომ ეს არის თქვენ მიერ, ჩვენ მიერ, ჩვენი მოქალაქეების მიერ ხელფასებიდან გადახდილი გადასახადები, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის და შემდეგ მუნიციპალიტეტში გადმოდის. ჩვენ ამ თანხების მენეჯმენტი და სწორად გადანაწილება გვევალება. შესაბამისად, ამ ეტაპზე არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს ამის, რომ მემანქანეებს ხელფასი 45%-ით მოვუმატოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელიც ქალაქს დააზიანებს. "გარდა მემანქანეებისა, ჩვენთან დაახლოებით 24 ათასი ადამიანი მუშაობს. არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები, თუნდაც ბაღის პედაგოგები, თბილსერვისის თანამშრომლები, მერიის თანამშრომლები, რომლებსაც ორჯერ და ოთხჯერ ნაკლები ხელფასები აქვთ და ამ ადამიანებს რა ვუპასუხოთ? მე ნამდვილად არ და ვერ მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს ქალაქს და ყველა იმ ადამიანს დააზიანებს, რომელიც ამ სისტემაში მუშაობს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მემანქანეებს გაფიცვის კანონიერი უფლება არ აქვთ და იმ შემთხვევაში, თუ მაინც გაიფიცებიან, თბილისის მთავრობა კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

"რაც ეს პროცესები დაიწყო და შანტაჟის ენით გვესაუბრებიან, დედაქალაქის მერია და სატრანსპორტო კომპანია კანონს არ გასცდენია. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, მემანქანეებს გაფიცვის უფლება დროებით შეუჩერა იმიტომ, რომ ჯერ საქმე განხილვის პროცესშია. სანამ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მემანქანეებს გაფიცვის უფლება არ აქვთ. თუმცა თუ ისინი გადაწყვეტილებას მაინც მიიღებენ, ჩვენც კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ და ყველა ის მიმართულება იქნება განხორციელებული, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, ეს იქნება ხელფასების დაკავება და ა.შ", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

myquiz