პროკურატურასთან სარალიძეების მხარდამჭერ აქციაზე მაკა ჩიჩუაც მივიდა | Allnews.Ge

პროკურატურასთან სარალიძეების მხარდამჭერ აქციაზე მაკა ჩიჩუაც მივიდა

თბილისში, მთავარ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერად პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა მივიდა.

როგორც ჩიჩუამ აღნიშნა, ვერ შეძლო დუშეთიდან სწრაფად ჩამოსვლა, თუმცა ტელევიზორთან გაჩერება ვეღარ შეძლო.

"ტელევიზორთან ვიჯექი და ვეღარ ვძლებდი. ორი პატარა მყავს, მათთან ერთად ვიყავი დუშეთში და ვერ შევძელი უცებ, სპონტანურად გამოქცევა, მაგრამ ვერ გავძელი ნამდვილად. მე ვარ ამ ადამიანების გვერდით და პირველ რიგში თქვენ გვერდით, ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია. მე, როგორც დედა და ამ ქვეყნის მოქალაქე, ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას," - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

სარალიძის მხარდასაჭერად პროკურატურის წინ მივიდა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც.

"მე ჩამოსული ვარ აქ იმიტომ, რომ ზაზას დავუდგე გვერდით და ვიდგები იქამდე, ვიდრე ეს ადამიანი თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს. რაც შეეხება ჩემს საქმეს, მე ყოველდღე სარწმუნო წყაროებიდან ვიღებ ინფორმაციას, რომ ჩემი შვილი სპეციალურადაა მოკლული. ვფიცავ მაღალ ღმერთს, ჩემი შვილი რომ იყოს დამნაშავე, გინდაც ეჭვმიტანილი, მე მას თავად დავახრჩობდი, თუ რამე ექნებოდა საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული. სარალიძის გვერდით ვიდგები, ვიდრე ის საკუთარ სიმართლეს არ იპოვის, მერე კი ჩემს ხალხს გამოვიყვან და ვაჩვენებ ამათ, რა შემიძლია, ვინ არიან ჩემს ზურგს უკან", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, 19:00 საათზე, საზოგადოებას პროკურატურასთან მისვლას სთხოვს. განცხადება სარალიძემ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც ამ წუთებში მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.

myquiz