ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში მონაწილეობას ბრიტანეთის დედოფლის ადვოკატიც მიიღებს
საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში საერთაშორისო უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ისაუბრა.
შოთაძემ ბრიფინგზე დაასახელა აღნიშნული უცხოელი პროკურორები:
"სერ ჯეფრი ნაისი - 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთად, არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია;
მოშე ლადორი - იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სისხლისსამართლებრივ საქმისწარმოებას, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი;
პოლ კაფი - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას" ,- განაცხადა შოთაძემ.
აღსანიშნავია, რომ სერ ჯეფრი ნაისი ბრიტანეთის დედოფლის მიერ დანიშნული ადვოკატია, რაც საპატიო პოზიციად მიიჩნევა ბრიტანეთში. ნაისი მაღალი რანგის ადვოკატია ინგლისში.