რძის და ხორცპროდუქტების საწარმოები, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა | Allnews.Ge

რძის და ხორცპროდუქტების საწარმოები, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

2018 წლის 1 იანვრიდან 23 მაისის ჩათვლით გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა რძის პროდუქტების მწარმოებელ 4 ბიზნესოპერატორს და ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელ 16 კომპანიას.

როგორც Allnews.ge-ს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აცნობა, საწარმოო პროცესი შპს "შირაქს", ფიზიკურ პირ მაყვალა ჩუბინიძეს, შპს "რესპუბლიკასა" და შპს "სანდო პროდუქტს" შეუჩერდა. აღნიშნულ საწარმოებში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობები კი შემდეგი იყო:

არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა; ყველის დასამარილებელ-შესანახ მაცივარში კონდენსატის წარმოქმნა; სურსათთან უშუალო შეხებაში მყოფი საგნების, აღჭურვილობების და მოწყობილობების დასუფთავება-დეზინფექციის არარსებობა; ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის დარღვევა, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კოროზირებული აღჭურვილობები, მოწყობილობები და საგნები, რომლებიც სურსათთან უშუალო შეხებაშია, სასმელი წყლის არარსებობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ შპს "შირაქის" განმარტებით, კომპანიას საწარმოო პროცესი ყველის დასამარილებელ-შესანახ მაცივარში, ჭერზე კონდენსატის წარმოქმნის გამო ჰქონდა შეჩერებული, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ხარვეზის გამოსწორების შემდეგ საწარმოო პროცესი აღდგენილია.

რაც შეეხება ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:  შპს გერმანელი ყასაბი 2010, ი/მ გოგია ოტიაშვილი, შპს არლი ჯგუფი, შპს ზეი Ltd ZEI, ი/მ ნიკა მექერიშვილი, შპს "მონადირე", ი/მ უშანგი წულაია, შპს ჰალალ ჯგუფი, ი/მ პეტრე კაკონაშვილი, შპს ისთანბულ, შპს ბ.ს., შპს ნიკა, ი/მ დავით წოწკოლაური, შპს ლიბევურსტ, შპს თბილწყარო და ი/მ ალუდა ასპანიძე.

მათ შემთხვევაში გამოვლინდა არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა - სურსათთან უშუალო შეხებაში მყოფი საგნების, აღჭურვილობებისა და მოწყობილობების დასუფთავების არარსებობა. გარდა ამისა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღმოაჩინა კოროზირებული ხორცის საკიდი კაუჭები, ტან-ხორცის გასაჭრელი ელექტრო ხერხის პირი და სხვა ინვენტარი, ასევე დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა და ტემპერატურული რეჟიმი.

აღსანიშნავია, რომ როგორც ერთ-ერთ კომპანიაში - "გერმანელი ყასაბი 2010" განმარტავენ, შემოწმების შედეგად სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ კონდენსანტის პრობლემა გამოავლინა, რომელიც იმავე დღეს აღმოიფხვრა და კომპანიამ წარმოება განაგრძო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორებმა, რომლებსაც შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრისთანავე მიმართეს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, - "გადამოწმების შემდგომ, იმ საწარმოებს, რომლებიც აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საწარმოო პროცესი აღუდგა", - განმარტებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ Allnews.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება 2017 წელს, საწარმოო პროცესი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეუჩერა რძის პროდუქტების 5 და ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელ 29 ბიზნესოპერატორს. იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებმაც ხარვეზები აღმოფხვრეს, საწარმოო პროცესი აღუდგათ.

myquiz