ზუგდიდში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავეს | Allnews.Ge

ზუგდიდში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავეს

ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბავშვის გატაცების ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს. მეზობლების მტკიცებით, არასრულწლოვანი მათ არ გაუტაციათ, ის რამდენიმე საათით, ბაბუას ნებართვით წამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ოჯახებს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ.

"მათ ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ბავშვი აქ ჭამდა და სვამდა. ბავშვის დედას ამ ოჯახის ვალი აქვს. ჩვენ როგორც ვიცით, ცოლ-ქმარს ამ ბავშვის ოჯახისთვის სესხი ჰქონდა გამოტანილი და არ იხდიდა. იმ დღეს სწორედ ამის გასარკვევად იყო მისული. დედა სახლში არ დახვდა, მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც თავისი შვილის კლასელია, ბაბუას ნებართვით წამოიყვანა.

გოგონა მოიყვანა, დაბანა, აჭამა და აქ ბავშვებთან ეზოში თამაშობდა. გატაცებული რომ ყოფილიყო, აქ ყველას დასანახად მოიყვანდა?! უბრალოდ, ის ოჯახი არის თაღლითი და სიტუაციით სარგებლობს. არ უნდათ ვალის გადახდა. სხვა შემთხვევაში პატრულს რატომ არ დაურეკეს და არ განაცხადეს იმავე დღეს, ბავშვი გატაცებულიაო?! თურმე პროკურატურაში შეუტანიათ საჩივარი და დღეს, რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები", - აცხადებენ მეზობლები.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ბავშვი ოჯახმა სახლში იმავე დღეს, დაახლოებით ორ საათში წაიყვანა.

დედა კი, რომლის არასრულწლოვანი შვილის გატაცების ბრალდებით გუშინ ცოლ-ქმარი დააკავეს, ამბობს, რომ მას არ უჩივლია და არც ის იცის, ვინ დარეკა 112 -ში. ლორიტა მუშქუთიას განმარტებით, ბავშვის სავარაუდო გატაცების დღეს იგი სახლში არ იმყოფებოდა.

"ორსანტიაში ვიყავი ქმრის ბიძაშვილთან. როდესაც სახლში დავბრუნდი, ასეთი ამბავი დამახვედრეს, რომ ჩემი შვილი ცოლ-ქმარს, ვ.ა- ს და ე. კ-ს დილის რვა საათზე გაუღვიძებიათ და სახლიდან წაუყვანიათ. ჩემი მამამთილისთვის დაუბარებიათ, დედა სანამ ვალს არ გადაიხდის, ბავშვი ჩვენთან იქნებაო. ბავშვი იმ დღესვე ჩემმა ბიძაშვილმა წამოიყვანა. ბავშვმა თქვა, რომ სახლში მეორე სართულზე ჰყავდათ და ეუბნებოდნენ, რომ დედაშენი სანამ ვალს არ მოიტანს, აქ იქნებიო. მე მაქვს მაგათი ვალი, მაღაზიიდან პროდუქტი გამქონდა, ვერ გადავიხადე და სესხი გამოვიტანე. თვითონ დამიდგა თავდებად. ვალთან დაკავშირებით სულ მირეკავდნენ, მაგრამ ბავშვის გატაცებით არასოდეს დამმუქრებიან. მე არ მიჩივლია მათთვის და არც ვაპირებ", - აცხადებს ლორიტა მუშქუთია.

შს სამინისტროში ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

myquiz