სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა | Allnews.Ge

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და საქართველოს მოსახლეობას და ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ! წელს, ეს დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან საქართველო პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ასეთ დროს ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირებზე, როგორც ისტორიულზე, ისე ამჟამინდელსა და სამომავლოზე", - აღნიშნულია ელისაბედ მეორეს მილოცვაში, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალის ბედი საკუთარ ხელში აგეღოთ და არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ თავისი მომავალი დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებზე ააშენა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპები გაითავისა.

"ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია თქვენთან ერთად დღეს, ამ ძალიან ემოციურ ღონისძიებაში მონაწილეობა. დღეს გახლავთ ისტორიული მომენტი მთელი ევროპული საზოგადოებისათვის. რა თქმა უნდა, მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის დაუსრულებელი გზა, საქართველოს და მის ხალხს კი აქვს ამბიცია, რომ ეს სვლა გააგრძელოს. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალის ბედი საკუთარ ხელში აგეღოთ და არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში. საბოლოო ჯამში, თქვენ მიაღწიეთ ამას. მინდა ვთქვა, რომ მთელი საუკუნის მანძილზე საქართველომ ის გადაწყვეტილება და სულისკვეთება გააძლიერა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს ეროვნულ დონეზე იქნა მიღებული და საბოლოოდ მან თანამედროვე ბილიკზე დაიწყო სვლა. ქვეყანამ თავისი მომავალი დემოკრატიის და თავისუფლების პრინციპებზე ააშენა, გაითავისა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპები. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არ არის მხოლოდ მისწრაფება, ჩვენთვის ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი და თავდადებული მოღვაწეობის შედეგი. დემოკრატია გახლავთ ის გზა, რომელსაც ქართველმა ერმა უპირატესობა 1918 წელს მიანიჭა. ეს სულისკვეთება დღესაც განსაზღვრავს თქვენი ქვეყნის მომავალს," - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების განვითარების გზაზე და იმედი მაქვს, რომ ამ ბილიკს არ გადაუხვევს, - ამის შესახებ ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩემთვის დიდი პატივია თბილისში ყოფნა. ფინეთისა და ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ დემოკრატიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჩვენც, გასულ წელს ვიზეიმეთ ფინეთის დამოუკიდებლობა და რასაკვირველია, ყოველი დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია - თავისუფლება, თანასწორობა, განათლება, იმისათვის, რომ დინამიური, სიცოცხლით სავსე საზოგადოება ავაგოთ. ერთად ყოფნის პრინციპი საერთაშორისო ურთიერთობებსაც ეხება. რა თქმა უნდა, პარტნიორებთან თანამშრომლობა, მეგობრობა სარგებლობას ანიჭებს თითოეულ მხარეს, ქვეყანას. საქართველო არაა მხოლოდ ფინეთის პარტნიორი, ის აგრეთვე არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების განვითარების გზაზე და იმედი მაქვს, რომ ამ ბილიკს ის არ გადაუხვევს. ბატონო პრეზიდენტო, ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

საული ნიინისტემ განაცხადა, რომ ფინეთი საქართველოს მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში.

"კიდევ ერთხელ მინდა თბილად მოგესალმოთ ამ ღირსშესანიშნავი დღის გამო. გისურვებთ ბედნიერებასა და წარმატებას ჩვენს მეგობარ ერს. გისურვებთ, რომ გაგეგრძელებინოთ თქვენს მეგობრებთან, ჩვენთან ერთად წინსვლა", - განაცხადა საული ნიინისტემ.

ლიტვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს მოსახლეობას საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავი ქართულ ენაზე მიულოცა.

მან ქართულ ენაზე თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიალზე ისაუბრა.

"გამარჯობა, საქართველო. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას 100 წლისთავს. ამიერიდან, ჩვენ თქვენს ქვეყანას - საქართველოს ვუწოდებთ. ეს ჩვენი სიმბოლური საჩუქარია თქვენდამი. დიდება, საქართველოს!", - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

სომხები და ქართველები მრავალი ასეული წლის მანძილზე ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები და არასოდეს გვქონია რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენს შორის ვიყო დღეს, ამ შესანიშნავ დღეს, ამ დღესასწაულის დროს. ორი ერი - ქართველები და სომხები ინაწილებენ და იზიარებენ ამ დღესასწაულს. 28 მაისს ჩემი ერიც იზეიმებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ჩვენი ორი ერი, ქართველები და სომხები არა მხოლოდ 100 წლის მანძილზე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არამედ ასთასობით წლოვანი ისტორია გაგვაჩნია. ჩვენ ვიზიარებთ უამრავ რამეს, რაც საერთო გვაქვს. ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები ერთმანეთის გვერდით, ეს საოცარი ფაქტია, რომ ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად, თავიანთი დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის მრავალი ასეული წლის მანძილზე და არასოდეს გვქონია ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ღირებულებაა და იმ ახალი თაობებისთვის არის მაგალითი, რომლებიც საქართველოში და შესაბამისად, სომხეთში ცხოვრობენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას მოპატიჟებისა და სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა.

"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ მშვენიერ ქალაქს, თბილისს. მრავალი წლის მანძილზე თბილისი, "ტიფლისი" იყო სამხრეთ კავკასიის კულტურული ცენტრი. ეს იყო ქალაქი, სადაც ქართველები, სომხები და მრავალი სხვა ერის წარმომადგენელი ცხოვრობდა ერთად, ჰარმონიულად და იზიარებდა ყველაფერს, ყოველდღიურ ცხოვრებას, კულტურას, საკვებს და რასაკვირველია, ქართველები და სომხები იზიარებენ საერთო რელიგიას. ჩვენ ორივენი ვდგავართ ქრისტიანობის საწყისებთან. ჩვენ ასეთი ქვეყნები ვართ, ეს ჩემი ქალაქია, ჩემი მეუღლის, ჩემი ბებიებისა და ბაბუების. ასეთ ქალაქში ჩამოვედი მე. თბილისს აქვს ძალიან ბევრი საერთო მრავალ კულტურასთან. ეს არის შესანიშნავი ქალაქი, ქართველ მცხოვრებლებს შორის მრავალი საუბრობს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის სომხები-სომხურად. დღევანდელი რეალობა გვავალდებულებს არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ განვავითაროთ და გავამრავლოთ ჩვენი ღირებულებები და მიღწევები, შევქმნათ ის ახალი, რაც ღირსი იქნება მოხსენიების და რატომაც არა, ასევე მიბაძვის. ჩვენი ყველა ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ. გილოცავთ, გისურვებთ, მშვიდობას კეთილდღეობას და ყოველგვარ სიკეთეს", - მიმართა ქართულ საზოგადოებას სომხეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც მიულოცა. "წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი აღინიშნება. საქართველო 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეერთებული შტატების ახლო მეგობარი და ღირებული პარტნიორია. ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ეკონომიკისა და დემოკრატიის მშენებლობაში. ქართველებს ასევე ღირებული წვლილი შეაქვთ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში მსახურებით, სადაც ისინი ამერიკელებთან გვერდიგვერდ დგანან. ეს მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის თავდადებისა და არაერთი მსხვერპლის გარეშე", - ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ ამაყობს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით, ნატოს წევრობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაგრძელებით.

myquiz