„ისთ ფოინთი“ - ლილოს მიწისზედა მეტრო და 12 საბაგირო ხაზის მოწყობა - რას ითვალისწინებს თბილისის გენგეგმა | Allnews.Ge

„ისთ ფოინთი“ - ლილოს მიწისზედა მეტრო და 12 საბაგირო ხაზის მოწყობა - რას ითვალისწინებს თბილისის გენგეგმა

"სითი ინსტიტუტ საქართველომ" თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მუშაობა უკვე დაასრულა და დედაქალაქის მერიას წარუდგინა.

ამის შესახებ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

სალუქვაძის ინფორმაციით, მერია გენგეგმის დოკუმენტს რამდენიმე დღეში მიიღებს და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის. როგორც სალუქვაძე აცხადებს, დოკუმენტზე მერიას შენიშვნები სავარაუდოდ, აღარ ექნება, რადგან ყველა შესწორება დოკუმენტში მერიის თანხმობით და მოთხოვნით შევიდა.

"ოქტომბრამდე გარდამავალი პერიოდი იქნება, როდესაც ძველი დოკუმენტი ახლით უნდა შეიცვალოს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება საკანონმდებლო საკითხების მოსაწესრიგებლად, ინსტიტუციური საკითხები თავად მერიაში უნდა გადაწყდეს და ჩვენ ამაში დავეხმარებით.

დოკუმენტში ძირეული, პრინციპებისა და გადაწყვეტების ცვლილება არ მომხდარა. საუბარია რიგითობაზე, უფრო გამსხვილდა საკითხები, ღონისძიებები და გამოიყო პირველი რიგის ამოცანები. მერია პრაქტიკულად, თვითონ ჩაერთო და განსაზღვრა, რას მოერევა პირველ ეტაპზე, პირველ 5 წელიწადში რა იქნება მისთვის დაძლევადი.

მოხდა ბალანსების დათვლა, მაგალითად, როგორ შეიცვალა საცხოვრებელი ზონა არასაცხოვრებელი ზონით. ჩვენ ვამბობდით, რომ სადაც ნებართვები და განაშენიანების რეგულირების გეგმებია გაცემული, ან არ შეიძლება განაშენიანება, ან გადასახედია; ამიტომ ბალანსის დათვლა მოვახდინეთ და რუკების და გათვლების სახით მივაწოდეთ მერიას. აგრეთვე, დავაკორექტირეთ ზონირების რუკა და შევჯერდით იმ საკითხებზე, რაზეც მერია მეტ კონკრეტიკას ითხოვდა. პრაქტიკულად, კონსენსუსს მივაღწიეთ და ეს დოკუმენტი შეიძლება ითქვას, უკვე არსებობს", - განაცხადა სალუქვაძემ.

რაც შეეხება ცვლილებებს, სალუქვაძის თქმით, პირველი ცვლილება, რაც ძალიან მალე დაიწყება ქალაქში, იქნება კვლევების ჩატარება, ჩარჩო და განაშენიანების გეგმების შემუშავება, მათ შორის, საპარკო პროექტების მიმართულებით.

"სავარაუდოდ, პროექტირება მოხდება დიღმის ტყეპარკთან და თემქის პარკთან დაკავშირებით. აგრეთვე, ბევრ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე გამოცხადდება კონკურსი და გაკეთდება ჩარჩო-გეგმები. მოხდება კვლევა და პროექტირება ამ ტერიტორიების, რომელიც სასწრაფოდ ჩარევას ითხოვს, მაგალითად, შინდისი-წავკისის მიმართულებით, თბილისის ზღვისა და დიდი დიღმის ტერიტორიებზე. ეს ის ტერიტორიებია, სადაც ქაოტური განაშენიანებები იყო და გაცემულია ნებართვები. ასევე, ვიცით, რომ ლისზე ჩარჩო-გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია", - აღნიშნა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რჩება 12 საბაგირო ხაზის მოწყობა, "ისთ ფოინთი - ლილოს" მიწისზედა მეტროსა და სატვირთო მატარებლების შემოვლით რკინიგზაზე გადატანის საკითხი.

სალუქვაძის ინფორმაციით, რკინიგზის მიმართულებით, სატვირთო ხაზის გადატანაზე შეთანხმება მიღწეულია, რაც შეეხება სამგზავრო ხაზს, ეს შესწავლას საჭიროებს, რაც საქართველოს რკინიგზის გასაკეთებელია.

"სატვირთოზე ყველა მხარე ვთანხმდებოდით, რომ უნდა გადავიდეს. რაც შეეხება სამგზავრო ხაზს, ეს შესასწავლია. ასევე, საქართველოს რკინიგზის და მთავრობის ერთ-ერთი წინადადება იყო შემოვლითი რკინიგზის ხაზის ნაწილის მიწის ქვეშ ჩატანა. ჩვენ საუბარი გვაქვს 10 კილომეტრიან მონაკვეთზე და არა მთლიანად რკინიგზაზე. იყო საუბარი გვირაბის გაკეთებაზე და კვლევებიც მიმდინარეობდა. საბოლოო შედეგები არ ვიცი, მაგრამ ნავთლუღიდან დიდუბის სადგურამდე გვირაბის საკითხი ნამდვილად იყო. საქართველოს რკინიგზა ამ საკითხს ამუშავებდა. რაც შეეხება გენგეგმაში შეთავაზებულ "ისთ ფოინთი"-ლილო-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზს, ეს ისევ რჩება დოკუმენტში, მაგრამ შორეული პერსპერქტივაა, საკმაოდ მასშტაბური და ამბიციური პროექტია და კვლევა დასჭირდება. თუმცა ის, რაც ჩვენ ვთქვით და ეს საქართველოს რკინიგზასთან ერთად მოფიქრებული პროექტი იყო, რადგან აქ გვაქვს გამოუყენებელი ხაზი, სრულებით შესაძლებელია, რომ მიწისზედა მეტრო გაკეთდეს, "ისთ ფოინთი" ლილო დააკავშიროს ერთმანეთს და აეროპორტამდეც ჩავიდეს", - განაცხადა სალუქვაძემ.

რაც შეეხება სატრანსპორტო დერეფნებს, როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, მერიამ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ერთი დერეფნის მოწესრიგება და ექსპლუატაციაში გაშვება მაინც უნდა მოხდეს.

"საუბარი არ არის ახალ გზაზე, ვგულისხმობ, არსებული გზის მოწესრიგებას. მაგალითად, დიდი დიღმიდან მაღლივამდე, მარშალ გელოვანის და საბურთალოს გზის იმ პარამეტრებით მოწყობას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიეცეს დაუბრკოლებლად და შეუფერხებლად გადაადგილების საშუალება. ტრანსპორტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სიახლე იქნება, როგორც ტაქსების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანპსორტის მიმართულებით. ეს ჩვენც გვედო დოკუმენტში და ქალაქიც იწყებს ამის კეთებას - ეს არის სატრანსპორტო მოდელირება. უახლოეს ხანში გამოცხადდება ტენდერი სატრანსპორტო მასტერპლანთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოდელირებას, ეს არის პრაქტიკულად, ყველა კვანძში ნაკადების შესწავლა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა. არსებობს სპეციალური სოფტები, რომლებიც ითვლიან ნაკადების მიხედვით როგორი დატვირთვა აქვს ამა თუ იმ ქუჩას და ქუჩების დატვირთვის შემთხვევაში, სად შეიძლება გადანაწილდეს ეს ნაკადები. ამ დათვლების შემდეგ აუცილებელია სატრანსპორტო მასტერპლანის გაკეთება, სადაც უკვე პრაქტიკული გადაწყვეტილებები იქნება. კვანძების, მოედნების და ქუჩების დონეზე რომ ქალაქმა განსაზღვროს, მოძრაობის როგორი ორგანიზება მოხდება, რომ საცობებისგან გავთავისუფლდეთ", - განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, 12 საბაგირო ხაზი, რომელიც გენგეგმის დოკუმენტში აქამდეც იყო, უცვლელი რჩება, რაც შეეხება ტრამვაის ხაზს, როგორც სალუქვაძე აცხადებს, თუ დედაქალაქის მერია სატრანპორტო დერეფნებს მოაწყობს, ამის გამოყენება ტრამვაის ხაზისთვისაც შესაძლებელი გახდება.

"პირდაპირ მითითებული არ გვაქვს, რომელ ქუჩაზე და სად უნდა გავიდეს ტრამვაის ხაზი, მაგრამ ვთქვით, რომ იმ სატრანსპორტო დერეფნებში, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ, მერიამ ჯერ სწრაფი ავტობუსი გაატაროს, რომელიც ნაკლებ ფინანსებს მოითხოვს, შემდეგ გარკვეული ფინანსების არსებობის შემთხვევაში, ქალაქმა იგივე მაგისტრალი ტრამვაისთვისაც გამოიყენოს. ეს მაგისტრალი აბსოლუტურად მისაღები იქნება ტრამვაის ხაზის მოსაწყობად", - აღნიშნა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, "სითი ინსტიტუტ საქართველომ" თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) განახლებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. სრულყოფილი გენერალური გეგმა კი, 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარედგინა. მომსახურების ღირებულება 2 800 000 ლარით განისაზღვრა.

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ექვს ეტაპს მოიცავდა: წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები; ქალაქმშენებლობითი ანალიზი/არსებული მდგომარეობის მომზადება; დაზუსტებული გეგმარებითი დავალება; კონცეფცია; მგგ-ს სტადია "პროექტი"; მგგ-ს საბოლოო პროექტი.

თუმცა, გენგეგმის ჯგუფს მერიამ საბოლოო მე-6 ეტაპზე ერთი და იგივე საკითხები რამდენჯერმე დაუხარვეზა, რის გამოც, "სითი ინსტიტუტ საქართველოს" 140 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მერიის შენიშვნები ძირითადად ეხებოდა ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას და ეკონომიკას.

myquiz