"ვარდების მოედნისთვის" სახელის შეცვლას მხარს უჭერს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ "ვარდების მოედნისთვის" პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცა.
საკითხს თბილისის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს, რის შემდეგაც "ვარდების მოედანს" სახელი შეეცვლება. კომისიის სხდომას საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს დერეფანში უმრავლესობის დეპუტატს ირაკლი ზარქუასა და ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს გოკა გაბაშვილს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა, თუ რატომ უნდა შეცვლოდა "ვარდების მოედანს" სახელწოდება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭებას გუშინ საჯარო განხილვაზე საზოგადოების უმეტესობამ მხარი დაუჭირა.
"რატომ პირველი რესპულიკის მოედანი? გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წელი სრულდება და ამ თარიღთან დაკავშირებით ვახორციელებთ ჩვენს სახელდებას. დღეს კომისიამ და გუშინ საჯარო განხილვისას ისტორიკოსების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პირველი რესპუბლიკის მოედნის სახელის მინიჭების ვერსიას", – განაცხადა ნიბლოშვილმა.