ყვარელში, ილიას ტბაზე ამფითეატრი ჩატყდა, შედეგად ორი მოსწავლე დაშავდა | Allnews.Ge

ყვარელში, ილიას ტბაზე ამფითეატრი ჩატყდა, შედეგად ორი მოსწავლე დაშავდა

ყვარელში, ილიას ტბაზე მიმდინარე ფოლკლორული ფესტივალის მიმდინარეობის დროს ამფითეატრის სცენაზე იატაკი ჩატყდა და ორმა მონაწილემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ცეკვის დროს, ამფითეატრის სცენაზე იატაკი ჩატყდა და მოცეკვავეს ფეხი დაუზიანდა. სცენის გაუმართაობის გამო ასევე დაშავდა მეორე მონაწილეც, თუმცა ადგილზე მედიკოსების გამოძახება არ გახდა საჭირო.

ფაქტს ადასტურებენ კომპლექს ილიას ტბის ადმინისტრაციაში. დირექტორი განმარტავს, რომ მომხდარი ინციდენტის გამო ანსამბლის ორგანიზატორებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ და ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევისგან დაზღვევის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

"მოხდა პატარა ინციდენტი და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ფესტივალის ჩატარებამდე სცენა დაათვალიერეს ორგანიზატორებმაც, თუმცა საეჭვო არაფერი შეგვინიშნავს. შემთხვევა შაბათს, ფესტივალის პირველ დღეს მოხდა. ორმა მოცეკვავემ მსუბუქი დაზიანება მიიღო. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია და პროგრამის მიხედვით გაგრძელდა ღონისძიება შაბათს და კვირას. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა პრობლემის მოგვარებაზე", - განაცხადა ყვარლის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა, დიმიტრი სოლომნიშვილმა.

myquiz