სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ-ერთი ბაღის სამზარეულოდან 11 კგ ხორცი შემოწმების მიზნით ამოიღო | Allnews.Ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ-ერთი ბაღის სამზარეულოდან 11 კგ ხორცი შემოწმების მიზნით ამოიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ერთ-ერთი ფილიალიდან ლაბორატორიული კვლევის ჩატარების მიზნით, 11 კილოგრამი საქონლის ხორცი ამოიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ბაგა-ბაღის სამზარეულოში ხორცის ვიზუალური დათვალიერების შედეგად მის ხარისხში ეჭვი შეიტანეს და ამის თაობაზე სურსათის ეროვნულ სააგენტოს აცნობეს. სააგენტოს სპეციალისტებმა #36 ბაგა-ბაღში 11 კილოგრამი ხორცი დალუქეს და გამოკვლევის მიზნით ლაბორატორიაში წაიღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ ადგილზე და ხორცი დალუქეს შემდგომი ლაბორატორიული კვლევის ჩატარების მიზნით.

"რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ მოგვმართა დღის პირველ საათზე. იუწყებოდნენ, რომ #36-ე ფილიალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცის გალღვობის შემდგომ, წარმოიშვა ეჭვი და მოითხოვეს ჩვენი მხრიდან რეაგირება. ჩვენს მიერ მოხდა ადგილზე გასვლა, აღნიშნული სურსათის დალუქვა შემდგომი კვლევების მიზნით და როგორც კი კვლევის შედეგები იქნება გაცნობებთ. კონკრეტულად შეტყობინება შემოვიდა 36-ე ფილიალზე და შესაბამისად, მოკვლეული იქნება მთელი ციკლი, ხორცის მთელი პარტია, რაოდენობა და მომწოდებელი. გატარდება კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიებები", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ზურაბ მაკარაძემ.

myquiz