კომპანია "სისტრას" სპეციალურად შერჩეული პირები თბილისის ავტობუსებში მგზავრებს ითვლიან | Allnews.Ge

კომპანია "სისტრას" სპეციალურად შერჩეული პირები თბილისის ავტობუსებში მგზავრებს ითვლიან

კომპანია "სისტრა" თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის კვლევას 15 ივნისისთვის დაასრულებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ ტრანსპორტის კომისიის სხდომაზე კომპანია "სისტრას" წარმომადგენლებმა განაცხადეს.

კომისიის სხდომაზე "სისტრას" წარმომადგენელმა, ასმათ აბესაძემ თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მგზავრთა ნაკადის კვლევის შესახებ ისაუბრა, რომლის შედეგადაც, შემდგომ ახალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისათვის სამარშუტო ქსელი შემუშავდება და რესტრუქტურიზაცია მოხდება.

მისივე თქმით, მათი პროექტის მიზანია მგზავრთა ნაკადების დათვლა, სატარიფო პოლიტიკის შემუშავება, ინტეგრირებული გაბილეთიანების სისტემის დანერგვა და სხვა.

პროექტის მიხედვით, სამარშრუტო ტაქსები უნდა გაერთიანდნენ ერთ საერთო საზოგადოებრივ ტრანსპორტის ქსელში და მგზავრების მიერ მიკროავტობუსებში გადახდა მოხდეს საათნახევრის განმავლობაში ერთხელ.

ამასთან, კომისიის სხდომაზე კომპანია "სისტრას" ურბანული ტრანსპორტის სპეციალისტმა გიგა გიგაურმა განაცხადა, რომ თბილისის ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა ნაკადის კვლევა სამი კვირის წინ დაიწყეს, ამისთვის შეირჩა 22 დიდი და 8 პატარა ავტობუსი, სადაც დღეში ექვსჯერ მოხდება მგზავრთა ნაკადის დათვლა.

მისივე თქმით, სპეციალურად შერჩეული პირები ავტობუსებში მგზავრებს ითვლიან და მათგან ასევე იღებენ ინფორმაციას, რა მანძილზე გადაადგილდებიან, გადახდის რა სისტემას იყენებენ და ა. შ.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, გიგაურის განცხადებით, მიკროავტობუსებში მგზავრთა ნაკადის დასათვლელად სპეციალური დანადგარი გამოიყენება. ათი დღეა, რაც ეს სისტემა იქ მუშაობს და მონაცემების მიღებაში ხარვეზები არ აქვთ. პროექტი 15 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

myquiz