რამდენი კვერცხი, ხორცი და რძე აწარმოეს საქართველოში 2018 წლის პირველ კვარტალში? | Allnews.Ge

რამდენი კვერცხი, ხორცი და რძე აწარმოეს საქართველოში 2018 წლის პირველ კვარტალში?

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 98.3 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.4 პროცენტით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 15.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 161.7 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.2 პროცენტით აღემატება.

ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იტყობინება.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ 984.1 ათასი სული შეადგინა და 2017 წლის I კვარტალთან შედარებით 5.0 პროცენტით შემცირდა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამურმა რაოდენობამ 473.2 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით ნაკლებია.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.2 პროცენტით გაიზარდა და 1.3 მლნ. სულს მიაღწია.

ღორების რაოდენობა 177.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 10.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობამ 8.4 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 2.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

myquiz