სამუშაო ადგილები, სადაც საქართველოში დიპლომი არ დაგჭირდებათ | Allnews.Ge

სამუშაო ადგილები, სადაც საქართველოში დიპლომი არ დაგჭირდებათ

საქართველოში უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს ყოველწლიურად დაახლოებით 18 000-მდე ადამიანი იღებს. მაგალითად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს, საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში 12 432 ადამიანი შეადგინა, კერძო სასწავლებლებში კი 5 121. მათ შორის დიდი წილი მოდის ეკონომიკის, ბიზნესის, სოციალური მეცნიერებებისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტებზე, თუმცა, არის სპეციალობები, რომელთა დასაუფლებლად საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში უმაღლესი განათლება საჭირო არ არის. როგორც CBSnews-ი წერს, ასეთი სპეციალობები შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალანაზღაურებადიც. მაგალითად, ვებდეველოპერი, სადაზღვევო აგენტი, მასაჟისტი, სომელიე. ამ პროფესიებს შესაძლოა დავუმატოთ პროგრამისტი, ჟურნალისტი, დიზაინერი და ა.შ.

საინტერესოა, დამსაქმებლების რა ნაწილი ითხოვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს საქართველოში და რა პოზიციებზე. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ევროკავშირის დახმარებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, უმაღლეს განათლებას საქართველოში დამსაქმებელთა 9% ითხოვს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ეროვნულ დონეზე უხეში განზოგადებით დამსაქმებლების 58% სამუშაოს მაძიებლისგან საბაზისო განათლებას ითხოვს, 25% - პროფესიულ განათლებას, ხოლო 8% განათლებას მნიშვნელობას არ ანიჭებს.

როგორია ზოგადი ტენდენციები და რომელ ვაკანსიებზე არ ითხოვენ დამსაქმებლები უმაღლეს განათლებას, ამ კითხვებით Allnews.ge-მ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის შრომის ბაზრისა და დასაქმების პოლიტიკის ექსპერტ, ანა დიაკონიძეს მიმართა.

როგორ შეაფასებთ იმ დამსაქმებელთა პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც თანამშრომლის აყვანისას დიპლომს მნიშვნელობას არ ანიჭებს?

რაც შეეხება განათლების ჭრილში ვაკანსიების მოთხოვნას, ზოგადად, ეს კვლევა ქვეყნის მასშტაბით რეპრეზენტატული არ არის, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დამსაქმებლების გარკვეული სეგმენტი ავიღეთ, კერძოდ, მსხვილი ორგანიზაციები, რამაც ცხადია, რეგიონის მასშტაბით კარგი სურათი მოგვცა, თუმცა, ვერც რეგიონის და ვერც ქვეყნის მასშტაბით განზოგადებას ვერ ვაკეთებთ.

რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი თბილისში - იხილეთ ვაკანსიების მონიტორინგის შედეგები

რაც შეეხება 8%-ს, რომელიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, შეიძლება ითქვას, რომ მაღალია. წესით, დამსაქმებელმა უნდა იცოდეს როგორი კადრის აყვანა სურს, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ დამსაქმებლების პროცენტული წილი, რომელიც არ აკონკრეტებს, რა ტიპის განათლება მოეთხოვება კადრს, რეგიონების მიხედვით განსხვავდება. რაც შეეხება პროფესიებს, პირდაპირ პროფესიების თქმა გამიჭირდება, რადგან სხვადასხვა რეგიონში ისინი განსხვავებულია.

ზოგადი შეფასებით კი შემიძლია ვთქვა, რომ დამსაქმებლები განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს არ სთხოვენ არაკვალიფიციურ მუშებს. უფრო გამსხვილებულად რომ გითხრათ, ასეთ ჯგუფებში არის როგორც მშენებლობის სექტორის ფიზიკურად მომუშავეები, ისე მომსახურების სექტორში დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე კადრები, მაგალითად, მტვირთავები, დისტრიბუტორები და ა.შ.

პროფესიების უმრავლესობაში საქართველოში სერტიფიკატს არ მოგთხოვენ, რადგან ჩვენთან ლიცენზირებული პროფესიების ნუსხა მცირეა და პროფესიების უმეტესობაში დამსაქმებლებს კანონით არ ევალებათ, რომ სერტიფიკატი მოგთხოვონ, თუმცა თავიანთი სურვილის მიხედვით შეუძლიათ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვონ.

კვლევის მიხედვით, დამსაქმებელთა 58% ითხოვს საბაზისო განათლებას, რა განაპირობებს ამას?

ზოგადად, ეს შედეგი მიგვითითებს იმაზე, რომ საერთოდ, საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებზე, როგორც სამუშაო ძალაზე მოთხოვნა ნაკლებად არის. ზოგადად, მოსახლეობაში და ახალგაზრდებში განსაკუთრებით, უმაღლესი განათლება ყველაზე მთავარი და სასურველია, თუმცა ფაქტი ჯიუტია, არამარტო ეს კვლევა, არამედ ბოლო პერიოდში ჩატარებული სხვა კვლევებიც აჩვენებს, რომ რეალურად დამსაქმებელს ასეთი ტიპის კადრი ნაკლებად სჭირდება. რა თქმა უნდა, ამ სეგმენტზეც არის მოთხოვნა, მაგრამ პროპორციულად თუ შევადარებთ, ნაკლებად. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება, ნომინალურად ვაკანსიაში ეწეროს მოთხოვნა, რომ საჭიროა დიპლომი, მაგრამ ვაკანსიით თუ შევაფასებთ, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მის შესრულებას უმაღლესი განათლება არ სჭირდება.

საბაზისო განათლების შემდეგ შედარებით მაღალია პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა, პროფესიულ განათლებას დამსაქმებელთა 25% ითხოვს, ამ სტატისტიკურ მონაცემებს როგორ შეაფასებთ?

დიდი ხანია ცნობილია, რომ პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა რეალურად არსებობს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პროფესიულ განათლებას თუ დავეუფლებით, ამით შრომის ბაზარზე არსებული პრობლემები აუცილებლად მოგვარდება. ამ სეგმენტზე მოთხოვნა არის, უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ანგარიშის მიხედვით, იმ ვაკანსიებს შორის, რომელთა შევსებაც დამსაქმებლებს უჭირთ, ლიდერობს ისეთი პროფესიები, რომლებიც ე.წ პროფესიულ განათლებას გულისხმობს, მაგალითად, დურგლები, ზეინკლები, შემდუღებლები თუ ა.შ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი ტიპის განათლება პოპულარული არ არის, რაც უფრო მეტად იმით არის განპირობებული, რომ ახალგაზრდების უმეტესობამ არ იცის რომ უნივერსიტეტის გარდა სხვა ტიპის განათლების მიღების შესაძლებლობა არსებობს და რომ რაიმე ხელობის დაუფლების შემთხვევაში უფრო მაღალი ხელფასი შეიძლება ჰქონდეთ, ვიდრე საშუალო რგოლის მენეჯერს, ჩვენმა კვლევამ ესეც აჩვენა. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არის რამდენიმე პროფესია, რომელშიც დამსაქმებელი მზად იყო, გადაეხადა რამდენიმე ათასი ლარი, რაც საქართველოში საშუალო ხელფასს აღემატება. ერთ-ერთი იყო ფასადებსა და სიმაღლეზე მომუშავე მღებავი, ცხადია, აქ რისკის შემცველი სამუშაოა და სავარაუდოდ ამან განაპირობა ხელფასის ოდენობაც. თუ არ ვცდები, ასევე მაღლანაზღაურებადი იყო ელექტროშემდუღებლისა და სამოქალაქო ინჟინრის პოზიციები.

წარმატებული ადამიანის 10 ჩვევა

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლების მიღება ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, მასზე მოთხოვნა 9%-ს შეადგენს. ძირითადად, რა ვაკანსიებზეა მოთხოვნა?

კვლევის ფარლგებში გარკვეული სეგმენტია შერჩეული და ძირითადად, რაც მოხვდა, აქ ჩანს სამედიცინო სფერო და ასევე ქვემო ქართლის რეგიონის უმაღლესი სასწავლებლები, სადაც პედაგოგები სჭირდებათ, მაგრამ კვლევის მიხედვით ზოგად დასკვნას ვერ გავაკეთებთ, რომ უმაღლეს განათლებაში მაინც და მაინც ამ სფეროებზეა მოთხოვნა.

ვაკანსიების შევსებასთან დაკავშირებით დამსაქმებლებს რა პრობლემები წარმოექმნებათ?

ვაკანსიების შევსებას რაც შეეხება, სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა: პირველი - ითხოვენ გარკვეული პროფესიის კადრს და ასეთი კვალიფიკაციის ადამიანს უბრალოდ ვერ პოულობენ, მეორე არის, ის, რომ შეიძლება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი არსებობდეს, მაგრამ ეს კვალიფიკაცია დამსაქმებელს არ აკმაყოფილებდეს და მეტი სურდეს. მესამე შემთხვევაში კი შრომის ბაზარზე აპლიკანტები არსებობენ, მაგრამ მათ თვითონ არ სურთ, კონკრეტულ პოზიციების დაკავება, რისი მიზეზიც სამუშაო პირობები, ძირითად შემთხვევებში დაბალი სამუშაო ანაზღაურებაა. მაგალითად, ეს განსაკუთებულად გამოჩნდა იმერეთსა და აჭარაში მკერავების ვაკანსიების შემთხვევაში. ვიცით, რომ აღნიშნულ რეგიონებში უცხოურ კომპანიებს სამკვერვალო ფაბრიკები აქვთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ანაზღაურება ძალიან დაბალია და ფაქტობრივად, იმერეთის რეგიონში გასული 6 თვის მიმდინარე და მომდევნო 6 თვის ვაკანსიებში რიცხობრივად პირველ ადგილზე სწორედ მკვერავის ვაკანსიაა, თუმცა ამავდროულად ამ პოზიციის შევსება უჭირთ ან თუ ივსება, პოზიცია მალევე თვისუფლდება, რადგან ძალიან დაბალი ანაზღაურების გამო ადამიანები იქ მუშაობას არ თანმხდებიან.

myquiz