ევროპაში დამზადებული საპირფარეშოების მონტაჟი თბილისში 1 თვეში დაიწყება | Allnews.Ge

ევროპაში დამზადებული საპირფარეშოების მონტაჟი თბილისში 1 თვეში დაიწყება

თბილისში, პირველი საზოგადოებრივი საპირფარეშოს განთავსების ადგილი უკვე ცნობილია.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" პროექტის განმახორციელებელ შპს "კონსალტინგ გრუპში" განუცხადეს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ეს იქნება რიყის პარკი.

მათი ინფორმაციით, პირველი ათი საპირფარეშო თბილისის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში, სავარაუდოდ, 10-15 ივნისის პერიოდში დამონტაჟდება.

"100 საპირფარეშო უკვე გამზადებულია ევროპაში მდებარე ქარხანაში. დაახლოებით ერთ კვირაში გამოიგზავნება საქართველოში და მათი მონტაჟი, სავარაუდოდ, 10-15 ივნისს დაიწყება.

თავდაპირველად შევარჩევთ 10 ლოკაციას. პირველი ლოკაცია ალბათ, რიყის პარკი იქნება და ოფიციალური გახსნის ღონისძიებაც სწორედ იქ ჩატარდება. ასევე, თავდაპირველ ლოკაციებში მოხვდება სააკაძის მოედანი, პეკინის ქუჩა და ა.შ. ამას უკვე დედაქალაქის მერიასთან შეთანხმებით გავაკეთებთ. დანარჩენი 20 საპირფარეშო კი ეტაპობრივად, ივნის-ივლისის თვეებში დამონტაჟდება", - აღნიშნავენ "კონსალტინგ გრუპში".

გასულ წელს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონში, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას გულისხმობს, შპს "კონსალტინგ გრუპმა" გაიმარჯვა. რეტერატების მოსაწყობად 30 ადგილი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა.

როგორც მაშინ დედაქალაქის მერიაში განმარტავდნენ, აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი და, ამასთან, აღჭურვილი ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით. თანამედროვე, ავტომატიზირებული მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება მოიჯარე, რომელიც ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.

კონკრეტულად სად განთავსდება საპირფარეშოები, იხილეთ bpn.ge-ზე

myquiz