რა განმარტებას აკეთებენ ზუგდიდის საკრებულოში მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის დადგენილების შესახებ? | Allnews.Ge

რა განმარტებას აკეთებენ ზუგდიდის საკრებულოში მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის დადგენილების შესახებ?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი დაადგინა.

Allnews.ge დაინტერესდა რატომ გახდა მსგავსი დადგენილების მიღება საჭირო.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნატა პაპასკირმა განგვიმარტა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება ზუგდიდის მუნიცილაპიტეტში სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დაცვის შესახებ. დადგენილება საკრებულომ 4 მაისს მიიღო, საკანონმდებლო აქტი გამოქვეყნებულია მაცნეში.

"დადგენილებაში წერია ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მჯდომარე მდგომარეობაში მიცვალებულის დაკრძალვას თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა. ეს არის საგამონაკლისო შემთხვევა თუ მიცვალებულის ფიზიკური მდგომარეობა არ იძლევა მის ჰორიზოპნტალურ მდგომარეობაში დაკრძალვის შესაძლებლობას. ამ გამონაკლის შემთხვევაში, დადგენილებით მიწაყრილი ერთი მეტრი სიმაღლის უნდა იყოს. ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს გაყინვასთან ან უპატრონო მიცვალებული შეიძლება იყოს მჯდომარე მდგომარეობაში გარდაცვლილი ან თერმული დაზიანება აქვს და არ იძლევა მიცვალებულის ბუნებრივი მდგომარეობა მის ჰორიზონტალურად დაკრძალვის შესაძლებლობას",- აღნიშნა ნატა პაპასკირმა.

საკრებულოს აპარატის უფროსის თქმით, დადგენილება სამართლებრივი ექსპერტიზისთვის პროექტის სახით საქართველოს მთავრობას გადაეგზავნა. ნატა პაპასკირის თქმით, დადგენილებასთან დაკავშირებით იყო სხვა სახის შენიშვნები, რაც მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა, თუმცა ამ პუნქტთან დაკავშირებით შენიშვნები არ ყოფილა.

myquiz