ნიგერიელი სტუდენტი ქართველ მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებს | Allnews.Ge

ნიგერიელი სტუდენტი ქართველ მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებს

რამდენიმე დღის წინ, AMBEBI.GE-ს რედაქციას ნიგერიის მოქალაქე დევიდ აბუჩიმ მიმართა. უცხოელი ახალგაზრდა თვლის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რასისტული შეხედულებების მსხვერპლი გახდა.

როგორც ნიგერიის მოქალაქე გვწერს, ის მწერალი და სტუდენტია, რომლის ოცნებაც საქართველოში სწავლაა, ამ ოცნების ასასრულებლად კი ის 2013 წლიდან მუშაობს.

„საქართველო ჩემს მშობლიურ ქვეყანაზე მეტად მიყვარს, მიყვარს ქართველებიც. საქართველოსადმი ჩემმა სიყვარულმა მიბიძგა, რომ სახელად „ზესტაფონი“ დამერქმია, რაც ვიცოდი, რომ ერთ-ერთი ქართული ქალაქის სახელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი ჩემი მეგობარი აშშ-ში, კანადაში, რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში წავიდა განათლების მისაღებად და მეც მიმიწვიეს, თუმცა უარი ვთქვი, რადგან იმედი მქონდა, რომ სწავლის გასაგრძელებლად საქართველოში ჩამოვიდოდი.

საქართველოში ლეგალურად სწავლისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას დიდი თანხები დავახარჯე. მე მქონდა "საქართველოს უნივერსიტეტში" ჩარიცხვის ცნობა და ვიზა, რომელიც ეთიოპიაში მდებარე საქართველოს საელჩოში მივიღე. 2018 წლის 9 აპრილს „ფლაი დუბაის“ თვითმფრინავით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვფრინდი, ბედნიერი ვიყავი, რადგან საქართველოში სწავლასთან დაკავშირებით ჩემი ოცნება რეალობად უნდა ქცეულიყო. სამწუხაროდ, საქართველოში შემოსვლაზე საქართველოს იმიგრაციის სამსახურისგან უარი უმიზეზოდ მეთქვა. ისინი ქართულ ენაზე საუბრობდნენ, რომელიც მე არ მესმოდა, თუმცა მოგვიანებით შევიტყე, რა ხდებოდა. მათ შემდეგი რეისით საქართველოდან უკან გამამგზავრეს“ - იუწყება ის.

დევიდ აბუჩი ირწმუნება, რომ მას საქართველოში ჩამოსასვლელად და სწავლის დასაწყებად ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, ვიზა კი ეთიოპიაში მდებარე საქართველოს საელჩოში მიიღო და ამ ყველაფრისთვის დიდი თანხები დახარჯა, თუმცა იმიგრაციის სამსახურმა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი არ აუხსნეს.

"დუბაიდან თბილისში ორ ინდოელ გოგონასთან ერთად ჩამოვფრინდი, რომლებიც გზაში გავიცანი. ჩემს მსგავსად, ისინიც თბილისში სწავლის გასაგრძელებლად მოდიოდნენ. იმიგრაციის სამსახურმა დოკუმენტები თავდაპირველად ჩემგან მიიღო. ინდოელი გოგონების დოკუმენტები შეკრიბეს, გაეცნენ და ისინი ქვეყანაში მაშინვე შემოუშვეს. მე ორი საათი მომიწია ლოდინი, შემდეგ კი შემოსვლაზე უარი მეთქვა, რისი მიზეზიც არ დამისახელეს. შოკირებული და იმედგაცრუებული ვიყავი. ნათელი იყო, რომ საქართველოს მთავარ აეროპორტში რასიზმი არსებობს. როგორც მწერალმა, საქართველოს კულტურის, ხალხისა და ენის შესახებ ბევრი დადებითი სტატია და ამბავი დავწერე. საქართველოში არსებულ რასიზმთან დაკავშირებით ბევრი ამბავი ვრცელდება, რომელმაც მე, უდანაშაულო ადამიანი დამაზარალა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგში მაქვს.

საქართველომ უნდა შეაჩეროს რასიზმი, თუ სურს, რომ გაიზარდოს როგორც ქვეყანა და ჰქონდეთ საერთაშორისო ურთიერთობები. თუ მთავრობა ამას სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს, ამ რასიზმს შეუძლია საქართველოში ბევრი რამ და მათ შორის ქვეყნის რეპუტაციაც გაანადგუროს. ამის შესახებ საზღვარგარეთ ლაპარაკობენ და იმედი მქონდა, საქართველოში, როგორც საერთაშორისო განათლების ახლადაღმოჩენილ ჰაბში, ამას არ წავაწყდებოდი. საქართველოს იმიგრაციის სამსახურის უარი კი ჩემ მიმართ უსამართლოა. ისინი ბევრ ფერადკანიანს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე უარს, რაც ასევე უსამართლოა. მიეცით საშუალება კაცობრიობას, რომ საქართველოს პატივი სცეს. ცხოველი არავინაა. მე ჩემი ოცნების ქვეყნის, საქართველოს შესახებ მსოფლიოსთან კარგი რაღაცების მოყოლას გავაგრძელებ და არ გავჩერდები, რადგან საქართველოში სწავლის დიდი სურვილი მაქვს" - აღნიშნავს ნიგერიელი ტურისტი.

რა კომენტარს აკეთებენ ამ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში?

myquiz