საქართველოში თურქეთთან შედარებით მედიკამენტები ორჯერ ძვირია - რა ღირს წამლები სომხეთსა და აზერბაიჯანში? | Allnews.Ge

საქართველოში თურქეთთან შედარებით მედიკამენტები ორჯერ ძვირია - რა ღირს წამლები სომხეთსა და აზერბაიჯანში?

საქართველოში მედიკამენტების ფასების პერმანენტული და არც თუ უმნიშვნელო ზრდის გამო მოსახლეობა წამლების შეძენის ალტერნატიულ გზებს სულ უფრო ხშირად ეძებს. არც თუ იშვიათად გვსმენია იმ ფაქტის შესახებ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში, კერძოდ, თურქეთში მედიკამენტების შესაძენად მიდიან.

ერთ-ერთი Facebook მომხმარებლის მაგალითს თუ დავუჯერებთ, რომელიც მან საზოგადოებას გასულ თვეს გაუზიარა, წამლები, რომლებიც მას საქართველოში 187 ლარი უჯდებოდა, თურქეთში 63 ლარად შეიძინა. მომხმარებლები ფასების სხვაობის გარდა, იმასაც ხშირად აღნიშნავენ, რომ თურქეთში მედიკამენტები გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე საქარველოში.

Allnews.ge დაინტერესდა, რამდენად რეალურია ის სხვაობა, რომლებზეც მედიკამენტების აქტიური მომხმარებელი  მოქალაქეები საუბრობენ. ამ მიზნით, მცირე კვლევის ჩატარება გადავწყვიტეთ, რომლის ფარგლებშიც ავიღეთ რამდენიმე მედიკამენტი და მათი ფასები შევადარეთ საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი ფასები Allnews.ge-ის საქართელოს მეზობელი ქვეყნების აფთიაქებიდან მოაწოდეს.

მცირე კვლევის შედეგად მიღებული ზოგადი სურათის თანახმად, მედიკამენტების კონკრეტული ნაკრები თურქეთში ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, სხვაობა არც თუ უმნიშვნელოა აზერბაიჯანის შემთხვევაშიც, სომხეთში კი, როგორც აღმოჩნდა მედიკამენტებზე უფრო მაღალი ფასებია, ვიდრე საქართველოში.

Allnews.ge  დაინტერესდა იმ მიზეზებით, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოში მედიკამენტების ფასებზე და პასუხს აგებს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაფიქსირებულ სხვაობაზე.

ექსპერტის ჯანდაცვის საკითხებში თინა ტურძილაძის განმარტებით, ყველაფერი, რაც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს წამლების საოპერაციო ხარჯებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ლარის კურსი, რეგულაციები, მოსაკრებლები და ა.შ. ცხადია აისახება წამლის ფასზე.

"ჩვენი მოცემულობაა, რომ ქართული ფასნამატები აღემატება ევროპულ, მეზობელი ქვეყნებიდან, მაგალითად, თურქულ ფასნამატებს იმ ფონზე, როცა ქართული პროფილური საოპერაციო ხარჯები, მოსაკრებელი, ტექნიკური ხარჯები გაცილებით დაბალია ვიდრე მათი. გამოდის, რომ წამლის ფასნამატი არაპროფილურ საოპერაციო ხარჯებს მოიცავს ან/და მოგებაა დიდი. მაღალი სამომხმარებლო ფასები, პოლიფარმაცია, (წამლების ჭარბი დანიშნულება და მოხმარება) და წამლების პირდაპირი (ჯიბიდან) გადახდები არის ის მიზეზები რომლებიც უნდა დაძლიოს სისტემამ რომ წამალი ხელმისაწვდომი გახდეს. მარტო ფასის შეკავება საკმარისი არ არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად" - აღნიშნა თინა ტურძილაძემ.

პენსიონერებსა და შშმ პირებს მედიკამენტების ნაწილის ყიდვა ნახევარ ფასად შეეძლებათ

ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ მაღალი ფასების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიების ფასზე შეთანხმება იყოს, თინა ტურძილძემ აღნიშნა, რომ მისი სუბიექტური მოსაზრებით რამდენიმე კომპანიას აქვს დომინირებული მდგომარეობა, მაგრამ ამას გაზომვა და დადასტურება სჭირდება.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტმა იმის განსამარტად თუ რატომ განსხვავდება საქართველოსა და თურქეთში ერთსა და იმავე მედიკამენტებზე ფასები, აღნიშნა, რომ მედიკამენტის ფასი ძალიან ხშირად დამოკიდებულია პოპულაციაზე.

"ამ შემთხვევაში ფასის განმსაზღვრელია ის, თუ რამდენია მოსახლეობის რაოდენობა. 25-ჯერ მეტია თურქეთის მოსახლეობა, ასე რომ მწარმოებელი ქარხნები თავიანთ დანახარჯებს ითვლიან მაგის მიხედვით. ასევე განსხვავებულია ფასები იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ დამატებითი ღირებულების გადასახდი. თუ მაგალითად ავიღებთ სომხეთს, სომხეთში ბევრად ძვირია წამლები, ვიდრე საქართველოში. აზერბაიჯანმა გააკეთა ფასების ფიქსირება, რამაც გამოიწვია ის რომ ბევრმა მწარმოებელმა დატოვა ბაზარი და გავიდა და ქვეყანაში ძალიან მკვეთრი დეფიციტია მედიკამენტების. თურქეთი გარდა იმისა, რომ არის ძალიან დიდი ქვეყანა, სახელმწიფოს მხრიდან ხდება ზოგიერთი მედიკამენტის სუბსიდირება", - განმარტა ირინა ჭელიძემ და აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ფარმცევტულ ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა.

მედიკამენტებზე ქართული ანოტაციის დართვა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ზუსტადაც, რომ კონკურენციის ნაკლებობაა იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარის 95% 3-4 მსხვილ კომპანიას უკავია. სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ამ სფეროს სჭირდება დარეგულირება და ამაში წამყვანი როლი სახელმწიფოს ფასწარმოქმნის პოლიტიკას უკავია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ შეუმუშავებია.

ექსპერტების ნაწილი ამ სფეროში ერთ-ერთ პრობლემად ფარმაცევტულ კომპანიასა და ექიმს შორის შეთანხმებასაც ხედავენ, როდესაც ექიმები ცხდილობენ რაც შეიძლება მეტი ძვირად ღირებული მედიკამენტი გამოუწერონ პაციენტს.

myquiz