აგლაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი | Allnews.Ge

აგლაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, ბიზნესმენ დავით ბერბერაშვილს და მის მეგობარს, ერთ-ერთი მოქალაქე ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს და ამ მოტივით მიმართა სამართალდაცველებს. კერძოდ, მოქალაქე ამბობს, რომ თავდაპირველად ბერბერაშვილი მას 5 ათას დოლარს სთხოვდა, თუმცა მოგვიანებით მისგან 2 ათასი დოლარი მოითხოვა. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა მოქალაქეს ეს მოთხოვნა საკუთარ სასტუმროში წაუყენა, სადაც მათ შორის მცირე კონფლიქტიც მოხდა.

თავად დავით ბერბერაშვილი თანხის გამოძალვას უარყოფს, თუმცა მოქალაქესთან მცირე კონფლიქტს ადასტურებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის ადვოკატმა დავით აბესაძემ განუცხადა, საქმის მასალები ამ ეტაპზე მისთვის უცნობია და შესაბამისად არ იცის, თუ რის საფუძველზე ედავება ბიზნესმენს გამოძიება თანხის გამოძალვას. აბესაძე ვარაუდობს, რომ ბერბერაშვილისთვის ბრალის წაყენება დღეს მოხდება.

შეგახსენებთ, რომ აგლაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "მეგალაინთან" სპეცოპერაცია 10 მაისს ჩატარდა, რომელის დროსაც სამართალდამცველებმა ორი პირი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. აგლაძის ქუჩის პარალელურად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობდა ასევე დაკავებულის კუთვნილ სასტუმროშიც, სადაც სავარაუდო დაზარალებულიც იმყოფებოდა.

myquiz