2021 წლისთვის საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა მოეხსნება | Allnews.Ge

2021 წლისთვის საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა მოეხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2021 წლისთვის საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა მოეხსნება.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაწყებულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენ ვაგრძელებთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც საჭირბოროტოა ჩვენი ქვეყნის ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს არის წყალმომარაგება. ამჯერად საუბარია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტზე. პროექტის ღირებულება 17 600 000 ლარი გახლავთ. პროექტის დასრულების შემდგომ სოფლების - ნორიოს, ახალსოფლის, მარტყოფის, ახალი სამგორის, ვაზიანის 35 ათასი ოჯახის 24- საათიანი წყალმომარაგება იქნება უზრუნველყოფილი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა წყალმომარაგების 100-ზე მეტი პროექტი. ეს არის 6 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები, რაზეც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და მთავრობის თანადაფინანსებით დაიხარჯა 470 მლნ ლარზე მეტი. შედეგად, წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა 200 ათასამდე ახალ მომხმარებელს, მათ შორის 70 ათასზე მეტი აბონენტი უკვე სარგებლობს 24 - საათიანი წყალმომარაგებით. მიმდინარეობს სხვადასხვა სირთულის და მასშტაბის 30-ზე მეტი პროექტის განხორციელება და მათი დასრულების შემდეგ კიდევ 300 ათასამდე მომხმარებელს გაუუუმჯობესდება წყლის მიწოდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა სხვა მიმდინარე პროექტებზე.

"საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლისთვის ნახევარ მილიონ ადამიანს მოეხსნება 24- საათიანი წყალმომარაგების პრობლემა. მიმდინარე პროექტებიდან გამოვყოფდი ჭიათურას, სადაც წლების განმავლობაში წყალმომარაგება გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა, ამჟამად უკვე დაწყებულია სრული რეაბილიტაცია და სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. შედეგად, ქალაქის 25 ათასზე მეტ მომხმარებელს 24 - საათიანი წყალმომარაგება ექნება.

ყურადღება მინდა გავამახვილო ურეკზე, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია და რომელსაც არასოდეს ჰქონია წყალმომარაგების და წყალარინების მოწესრიგებული სისტემა. ურეკში ძალიან მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდგომარეობა დაბინძურების საფრთხის მიმართულებით და გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. პროექტი წლის ბოლოს დასრულდება და როგორც ადგილობრივები, ისე იქ ჩასული სტუმრები მაღალი სტანდარტის წყალარინების და წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებენ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

myquiz