ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ - იხილეთ კადრები სასამართლოდან | Allnews.Ge

ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ - იხილეთ კადრები სასამართლოდან

ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებით დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ბრალდებული გიორგი გოგებაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, ხოლო ნინო გეგელაშვილი 10- ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო.

თავის მხრივ პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც მიმალვის საფრთხის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლით ასაბუთებდა. საბოლოოდ, მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის არგუმენტები და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. ამასთან, მოსამართლემ პროკურორს დაავალა, ბრალდებულ ნინო გეგელაშვილის მცირეწლოვანი შვილი, ბრალდებულის ნათესავებს ან შესაბამის სამსახურს გადასცეს, რათა მასზე იზრუნონ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

myquiz