აკაკი ზოიძე - ნარკოტიკები, რომელიც ე.წ. კლუბური თუ მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება, სასიკვდილო შხამია | Allnews.Ge

აკაკი ზოიძე - ნარკოტიკები, რომელიც ე.წ. კლუბური თუ მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება, სასიკვდილო შხამია

ჩვენ თითოეულ მოქალაქეს უნდა მოვუწოდოთ, არ მოიხმარონ ნარკოტიკი - ნარკოტიკები, რომელიც ე.წ. კლუბური თუ მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება, რეალურად არის სასიკვდილო შხამი და საათების განმავლობაში კლავს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ გააკეთა.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის რეფორმას, ზოიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მკაცრი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს მიწოდების წინააღმდეგ, ხოლო ნარკოპოლიტიკის ქვაკუთხედი პრევენცია უნდა იყოს.

"პირველ რიგში, მივუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც დაიღუპა. ასეთ პირობებში დისკუსია ნამდვილად მძიმეა. ადამიანის სიკვდილი პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი არ უნდა იყოს. თემა ძალიან რთულია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ძალისხმევა არ დაგვიკლია, რომ პოზიციები შეგვეჯერებინა ამ უაღრესად მნიშვნელოვან რეფორმასთან დაკავშირებით.

საზოგადოებაში აზრი ორად არის გაყოფილი. ვმუშაობთ რეალურად, იმისათვის, რომ ეს პოზიციები დავაახლოვოთ. ჩემი აზრით, ალბათ, სულ რამდენიმე კვირაში შევძლებთ, ამოვწუროთ რესურსი, თუკი რაიმე არსებობს კონსენსუსის თაობაზე. ამის შემდეგ, ფართო საზოგადოების სამჯავროზე გამოვიტანთ ან იქნება ალტერნატიული ვარიანტები - ის ვერსია, რომელზეც მთავრობა და უმრავლესობის ნაწილი შეჯერდება.

ჩვენ თითოეულ მოქალაქეს უნდა მოვუწოდოთ, არ მოიხმარონ არანაირი ნარკოტიკი - ნარკოტიკები ე.წ. კლუბური თუ მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება და რეალურად არის სასიკვდილო შხამი, რომელიც საათების განმავლობაში კლავს. არ მოიხმაროთ არანაირი ნარკოტიკი! მესმის, რომ ამ მოწოდებას ერთ დღეში ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტა არ მოყვება, მაგრამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რისკი, რომლითაც თავიანთ საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ წამიერი სიამოვნების თუ რაღაც მოლოდინის გამო", - განაცხადა ზოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა კიდევ ერთხელ - ამჯერად ერთი თვით გადაიწია.

პროექტის განხილვა წამყვანი კომიტეტის - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგშია, თუმცა პროცესი სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში არ დაიწყება.

ვადის ერთი თვით გადაწევის საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დასვა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა.

myquiz