როგორია ელექტროენერგიის ტარიფები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში? | Allnews.Ge

როგორია ელექტროენერგიის ტარიფები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში?

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. როგორც "ენგურჰესის" გენერალური დირექტორი ლევან მებონია აცხადებს, "ზამთრის სეზონზე წყალსაცავში წყლის მოცულობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ აფხაზებმა იანვარ-მარტში საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი წაიღეს".

როგორც ცნობილია, 2018 წლის ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესის" მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 92,6% ოკუპირებულ რეგიონს მიეწოდა.

საინტერესოა, რამდენია ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გადასახადი?

როგორც Allnews.ge-ს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა წყარომ განუცხადა, რეგიონში ელექტროენერგიის გადასახადი ფიქსირებულია და არ აქვს მნიშვნელობა რამდენ კილოვატს მოიხმარ:

"მოსახლეობის ნაწილი, ე.წ გავლენების მქონე ელიტა, გადასახადისგან მთლიანად თავისუფლდება. ფიზიკურ პირებზე გადასახადი ფიქსირებულია, თუმცა ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსხვავებულია, მაგალითად გალის რაიონის სოფლებში ელექტროენერგიის ნებისმიერი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში, მოსახლეობა თვეში 400 რუსულ რუბლს ანუ დღევანდელი კურსის გათვალისწინებით დაახლოებით 15 ლარს იხდის და ეს სხვა რეგიონებში არსებულ ტარიფებთან შედარებით ყველაზე მაღალი ფიქსირებული გადასახადია".

Allnews.ge-ის კიდევ ერთი წყაროს თქმით, ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კონკრეტულად გალის რაიონში, წელიწადში ერთხელ ჩადის და მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით მოხმარებას ვერც ასწრებს, წლის განმავლობაში 2000 რუსულ რუბლს იხდის, რაც დღევანდელი კურსის გათვალისწინებით 77 ლარია, ეს ყველაფერი კი იმით არის განპირობებული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მასობრივი გამრიცხველიანება ჯერ არ მომხდარა.

დე ფაქტო სახელმწიფო კომპანია Черноморэнерго-ს ოფიციალურ საიტზე მითითებულ ინფორმაციაში ტარიფები სხვანაირად გამოიყურება.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფიზიკური პირები, რომლებიც ელექტროენერგიას საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის იყენებენ 1კვ/სთ ელექტროენერგიაში 0,40 რუბლს იხდიან, იურიდიული პირები კი 0,85 რუბლს. ყველაზე მაღალ გადასახადს 1,20 რუბლს, ის მომხმარებლები იხდიან, რომელებიც ოკუპირებული აფხაზეთის რეზიდენტებად არ ითვლებიან.

იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპირებული აფხაზეთში მოსახლეობის გაზიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა და საჭიროების შემთხვევაში მათ გაზის ბალონების დატენვა უხდებათ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მთელი დატვირთვა ელექტროენერგიაზე მოდის. რომლის დიდ ნაწილსაც ოკუპირებული აფხაზეთი "ენგურჰესიდან" იღებს.

BPN.GE-ის ინფორმაციით, იანვარ-მარტში "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესის" კასკადების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 724.8 მლნ კვტ/სთ იყო, აქედან 671,3 მლნ კვტ/სთ აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა. ხოლო 2017 წლის იანვარ-დეკემბერში აფხაზეთის რეგიონმა ელექტროენერგიის 46.9% წაიღო.

"ენგურჰესის" დირექტორის განმარტებით, აფხაზეთის მიერ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარება იანვარ-მარტში უკვე ხუთი წელია საკმაოდ მაღალია და ამის მიზეზი ის არის, მათ წყალსაცავაში წყლის მოცულობა მცირდება.

"ყველაფერი წყლის მოცულობასა და შემოდინებაზეა დამოკიდებული. ზამთრის სეზონზე წყალსაცავში წყლის მოცულობა ყოველთვის მცირდება. აფხაზები გასული წლების იანვარ-თებერვალ-მარტშიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარდნენ. 2013 წლიდან მოყოლებული ასეა. სამაგიეროდ, აპრილ-მაისში მოხმარება უკვე მცირდება. ხოლო წლიურ ჭრილში გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარს მოიხმარენ", - აცხადებს მებონია.

ლევან მებონიას თქმით, აღნიშნული ფაქტი როგორც ქვეყანას, ასევე "ენგურჰესს" დიდ ფინანსურ პრობლემას უქმნის. რადგანაც აფხაზეთს ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, კომპანია შემოსავლების ნახევარს კარგავს. მისივე განმარტებით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის ის, რომ აფხაზეთში გამრიცხველიანება დაიწყოს.

ლევან მებონიას ინფორმაციით, აფხაზურ მხარესთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჰქონდათ, თუმცა პროგრესი ჯერ არ არის.

მისივე თქმით, აფხაზეთში ელექტროენერგიას უკონტროლოდ მოიხმარენ, ზამთარში გათბობის, ზაფხულში კი კონდიცირებისთვის.

"აფხაზეთში ელექტროენერგია ყოველგვარი კონტროლის გარეშე იხარჯება. ეზოში, ფარეხში, ბოსელში, საქათმეში ყველგან განათება აქვთ. წლებთან ერთად, ცხოვრება წინ მიდის. რაღაც ახალი შენდება, კეთდება და ეს ყველაფერი დამატებით ელექტროენერგიას მოითხოვს. თუმცა აფხაზების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დიდი წილი მრეწველობაში არ მიდის. უმთავრესად ელექტროენერგიას ზამთარში გათბობის მიზნით იყენებენ. როგორც კი დათბება, მათ მიერ მოხმარება სამჯერ მცირდება ხოლმე", - აღნიშნავს "ენგურჰესის" დირექტორი.

Allnews.ge დაინტერესედა, როგორი ვითარებაა კომუნალური გადასახადების კუთხით საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში. 
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით ე.წ სამხრეთ ოსეთს ელექტროენერგიას არ აწვდის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კომუნალური გადასახადების გარკვევაში ადგილობრივი ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი დაგვეხმარა, რომელმაც გვითხრა, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთში ბუნებრივი აირი მხოლოდ ცხინვალშია და მოსახლეობა 1 კუბურ მეტრ გაზში 4,27 რუსულ რუბლს იხდის.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 2016 წლის პირველი იანვრიდან ახალი ტარიფები დაწესდა, რომელიც დღესაც არ შეცვლილა. განახლებული ტარიფების მიხედვით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, მოხმარებული ელექტროენერგიისთვის არსებული 2,64 რუბლის ნაცვალად 1 კვ/სთ-თვის 2 რუბლს იხდის. სანაცვლოდ კომერციული და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის, სახელმწიფო საწარმოებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის ელექტროენერგიაზე ფასმა მოიმატა და 3,81 რუბლი შეადგინა. სხვა დანარჩენ ორგანიზაციებს 4,50 რუბლის გადახდა უწევთ.

რუსული საინფორმაციო ასააგენტო ТАСС-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული მასალის თანახმად ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს მიღებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირისთვის რუსეთის ვალი ჰქონდა, რაც 540 მილიონ რუბლს შეადგენდა.

myquiz