მეტრო "თავისუფლებასთან" გუშინ ორი ახალგაზრდა დაჭრეს
მეტრო "თავისუფლებასთან" გუშინ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. "ამტელ ჰოსპიტალის" ექიმის ინფორმაციით, ორივე მათგანი სრულწლოვანია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მისივე ინფორმაციით, ერთ პაციენტს მხრის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა, ხოლო მეორეს - გულ-მკერდის არეში.
"112-ის მიერ იყო ორი პაციენტი შემოყვანილი. ერთი, 18 წლის პაციენტი შედარებით მძიმედ იყო, აღენიშნებოდა გულ-მკერდის ღია შემავალი ჭრილობა, რის გამოც მოთავსდა საოპერაციოში. ჩაუტარდა ოპერაცია, ამჟამად იმყოფება პოსტოპერაციულ პალატაში. მეორე, 28 წლის პაციენტს კი ჭრილობა აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის არეში. დამუშავდა ჭრილობა, გაიკერა. მისი მდგომარეობა სტაბილური და გაეწერა კლინიკიდან", - აღნიშნა ექიმმა კობა აბულაძემ.
შემთხვევა მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან" გუშინ საღამოს მოხდა. შს სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. როგორც "ინტერპრესნისს" შს სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.