რამდენით დაჯარიმდებით შენობაში მოწევისთვის? | Allnews.Ge

რამდენით დაჯარიმდებით შენობაში მოწევისთვის?

შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორება - 1 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას.

ადმინისტრაციული ჯარიმები, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონით განსაზღვრულ აკრძალვებთან ერთად, დღეს ამოქმედდა. ანალოგიური ოდენობის ჯარიმა არის დაწესებული თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დაუმტკიცებლობაზე და შენობა-ნაგებობების ტერიტორიაზე ამკრძალავი წესების განუთავსებლობაზე.

ინფორმაცია მწეველებისთვის: ხვალიდან კაფე-ბარებსა და რესტორნებში მოწევას ვეღარ შეძლებთ

გარდა ამისა, ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი, ლიფტი და სხვა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა - დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა და თამბაქოს მოწევის აღუკვეთელობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარის ოდენობით.

ფიზიკური პირის მიერ საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა კატერისა) თამბაქოს მოწევა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ასევე, ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით და ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 100 ლარის ოდენობით.

myquiz