რითი ერთობიან მოზარდები თბილისში? | Allnews.Ge

რითი ერთობიან მოზარდები თბილისში?

10 წლის საბა და 12 მარიამი თავისუფალ დროს ძირითადად, კომპიუტერთან ატარებენ, და Youtube-ის არხებზე სხვადასხვა ვიდეოექსპერიმენტების ყურებით ირთობენ თავს, დაინტერესების შემთხვევაში კი ნანახ ექსპერიმენტებს თავადაც ატარებენ ხოლმე.

14 წლის გიორგი ძირითადად, კომპიუტერული თამაშებით ერთობა, ხანდახან ეზოში ფეხბურთის სათამაშოდაც ჩადის ხოლმე. როგორც მისი გარემოცვა ამბობს, კომპიუტერული თამაშები გიორგის სწავლაში ხელს არ უშლის, თუმცა ამ მხრივ ყურადღება მაინც საჭიროა.

15 წლის ლაშა და 17 წლის ანა და-ძმა არიან. ისინი მთელ დღეს სკოლაში ატარებენ, გარდა გაკვეთილების მომზადებისა, სპორტულ თუ კულტურულ წრეებში არიან ჩართულები, ამიტომ თავისუფალი დრო თითქმის არ რჩებათ, თუმცა გართობისთვის ხანდახან მაინც იცლიან, - "თავისუფალი დრო ძირითადად, შაბათ-კვირას გვაქვს, რომელსაც კაფეში ან კინოში მეგობრებთან ერთად ვატარებთ. მე სწავლისგან დასასვენებლად წიგნებს ვკითხულობ ხოლმე, თუ ესეც გართობის ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს", - აღნიშნავს ანა.

18 წლის ქეთი ძირითადად, უცხოური გასართობი გადაცემებითა და სერიალების ყურებით ირთობს თავს, ძირითადად, კი მეგობრებთან ერთად მშვიდ კაფეში ზის და საუბრობს, - "ვუყურებ Vogue-ს და სხვა გადაცემებს, რაც მაინტერესებს და თან მართობს", - აღნიშნავს ქეთი.

განსხვავებული ინტერესები აქვს 18 წლის ანის, რომელიც გართობის მიზნით ელექტრონული მუსიკის მოსმენასა და კლუბებში სიარულს ამჯობინებს. ასევე უყვარს პარკებში სეირნობა და ფოტოების გადაღება.

მოზარდებს, რომლებიც ჩვენ გამოვკითხეთ, გართობისა და თავისუფალი დროის გატარების სხვადასხვა მეთოდი აქვთ. თუმცა, ფაქტია, რომ როგორც ზრდასრულების, ისე მოზარდების ცხოვრებაში ტექნიკა და ინტერნეტი მთავარ როლს ასრულებს, იქნება ეს შემეცნებითი, სამუშაო თუ გასართობი. თბილისში მცხოვრები მოზარდების გართობის ფორმები Allnews.ge-სთან ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ შეაფასა.

"პატარა ასაკში მშობლების კონტროლი გაცილებით დიდია, ამიტომ ბავშვები უმეტეს დროს სახლში ატარებენ, როდესაც წამოიზრდებიან კი გარეთ უფრო ხშირად გადიან, უფრო თავისუფლები და სოციალურად აქტიურები ხდებიან" - განმარტავს ფსიქოლოგი.

ზურაბ მხეიძის თქმით, კომპიუტერთან დროის უმეტესი ნაწილის გატარება მოზარდისთვის სასურველი არ არის.

"რეკომენდებულია, თუ ის კომპიუტერთან არაუმეტეს 2 საათს გაატარებს. მაგრამ თუ მოზარდი დილიდან საღამომდე ეკრანს შეყურებს, რა თქმა უნდა, ეს სასურველი არ არის.

მოზარდის სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა და ინტერესის გაჩენა იმის მიხედვით, ხდება, ჰყავს თუ არა მას ავტორიტეტი და როგორი მიმბაძველობა აქვს მის მიმართ.
მაგალითად, სპორტის მიმართ ინტერესები ბავშვს სკოლამ, მშობელმა, ზოგადად გარემომ უნდა გაუჩინოს, რაზეც დღეს ნაკლებად ფიქრობენ. რაშიც ბავშვს ჩართავ და რა ინტერესსაც გაუჩენ, შეიძლება შემდეგ სწორედ იქით წავიდეს", - განმარტავს ზურაბ მხეიძე.

"მშობლებს, რომლებიც მუშაობენ, ძირითადად, ბავშვებისთვის არ სცალიათ ხოლმე. მათი დღე ძალიან სპეციფიკურია და ძირითადად, შვილისგან ანგარიშს იბარებენ, რა ხდება, როგორ არიან, რა ნიშანი მიიღეს და ა.შ"- აღნიშნავს ის.

ზურაბ მხეიძის თქმით, მოზარდისთვის, სპორტულ აქტივობებში ჩართვას თუ გართობის სხვა ფორმას, შეთავაზების ფორმა უნდა მიეცეს, მცირე ასაკში კი ბავშვები ძირითადად, მიმბაძველობით გამოირჩევიან ხოლმე, მაგალითად, თუ ხედავენ, რომ მშობელი წიგნს კითხულობს, დიდი შანსია, რომ მათაც იგივე ქმედება გაიმეორონ.

"მოზარდმა ყველაფრისთვის უნდა გამონახოს დრო, კაფეში სიარულისთვისაც, სპორტისთვისაც, წიგნის კითხვისთვისაც და კომპიუტერთან ჯდომისთვისაც. თუ მხოლოდ სპორტზე მოახდენს ორიენტირებას, შეიძლება, განათლებაში ჩამორჩეს და წიგნები არ იკითხოს, თუ მხოლოდ წიგნებზე გავამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება არასპორტული იყოს, აქ უფრო ჰარმონიულ განვითარებაზეა საუბარი, ამიტომ ბავშვს უნდა დააკვირდე, რაზეა ორიენტირებული და ეცადო, რომ მისი მოტივაცია შეაქო. არავითარ შემთხვევაში ძალით ტარება არაფერზე არ შეიძლება, იმიტომ რომ პირიქით, პროტესტის დამოკიდებულება გაუჩნდება და ის საქმე კი არ შეუყვარდება, პირიქით შესძულდება", - განმარტავს ზურაბ მხეიძე.

მისივე შეფასებით, მოზარდობის ასაკში ბიჭები შეიძლება უფრო მეტად იყვნენ კომპიუტერულ თამაშებში ჩართული, ვიდრე გოგონები, რადგან გოგონებს უფრო მეტად სოციალიზაცია ურჩევნიათ.

myquiz