თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 20-30 წუთით შემცირდება | Allnews.Ge

თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 20-30 წუთით შემცირდება

ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი გზა ექსპლუატაციაში ზაფხულში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე შევა და თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს, დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი აშენდა. მათივე ცნობით, ამ მონაკვეთზე სულ 15 ხიდია, რომელთა ასაგებად ახალი ტექნოლოგია – ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბი გამოიყენეს. ახალი ტექნოლოგიით აშენდა სოფ. საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელიც, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია. სამშენებლო სამუშაოზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც დეპარტამენტი იუწყება, ქობულეთის შემოვლით გზაზე პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია, ზაფხულში მოძრაობა მეორე მონაკვეთზეც გაიხსნება, რაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლს სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან.

„ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც“, - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079.67 ლარია.

მათივე ინფორმაციით, მალე ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება. პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში.

myquiz