კაბუს დედა შვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს - "საფრანგეთში მკურნალობდა და უნდოდა კიდევ გაეგრძელებინა"
მსახიობ კახა აბუაშვილის (კაბუ) დედის, ცირა აბუაშვილის ინფორმაციით, მისი შვილი საფრანგეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა და სექტემბერში ჩამოსვლას გეგმავდა.
როგორც აბუაშვილმა "პალიტრავიდეოს" განუცხადა, მომხდარის შესახებ ტელეეთერიდან გაიგო.
"როგორც თქვენ გაიგეთ, ისე გავიგე მეც, ტელევიზიიდან. მკურნალობდა და უნდოდა კიდევ გაგრძელდება. გაზაფხულისთვის აპირებდა წამოსვლას, მაგრამ გადაწყვიტა მკურნალობა დაესრულებინა და სექტემბრისთვის დაგეგმა ჩამოსვლა. რა ვიცი მეტი რა გითხრათ. მგონი მათთან ცხოვრობდა, მე არ ვიცი, მეგობრები და ამხანაგები ყველას ყველანაირი ჰყავს. ისინი სხვანაირად დაუდგნენ გვერდით, ჯანმრთელობის პრობლემების საკითხში დაუდგნენ გვერდით და ალბათ, რადგან მათთან იყო, იმიტომ მიაყოლეს. ახლახან მითხრა, ალბათ სექტემბრისთვის ჩამოვალო, ბავშვებსაც ჰპირდებოდა", - განაცხადა ცირა აბუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ" საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით არის დაკავებული. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საფრანგეთში დაკავებულია 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ".