არჩილ ტატუნაშვილის მამა პროკურატურაშია დაბარებული | Allnews.Ge

არჩილ ტატუნაშვილის მამა პროკურატურაშია დაბარებული

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი 16 აპრილს პროკურატურაში მისვლას გეგმავს, - ამის შესახებ გივი ტატუნაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

გივი ტატუნაშვილისთვის უცნობია, თუ რასთან დაკავშირებით არის დაბარებული საგამოძიებო უწყებაში.

ამასთან, გივი ტატუნაშვილისთვის ასევე უცნობია, თუ რატომ ვერ მიიღო ოჯახმა ამ დრომდე ექსპერტიზის პასუხები.

"არაფერი ვიცი, ორშაბათს გავარკვევ", - განაცხადა გივი ტატუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა.

ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. 24 მარტს არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

myquiz