დღეიდან თბილისში პარკირების კონტროლს ავტობუსის კონტროლიორები განახორციელებენ | Allnews.Ge

დღეიდან თბილისში პარკირების კონტროლს ავტობუსის კონტროლიორები განახორციელებენ

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, კომპანია "სითი პარკის" თანამშრომლები მიიღოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ისინი როგორც მატერიალური ბაზის, ისე ფიზიკური ძალის მიმართულებით სრულად არიან მზად, მოვალეობა შეასრულონ.

"ჩვენ გვყავს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტში ახორციელებენ ბილეთების შეძენის კონტროლს და სწორედ ისინი განახორციელებენ აღნიშნულ მოვალეობას პირველ ეტაპზე. რესურსი გადანაწილდება თანაბრად და შესაბამისად, არც ერთი საქმე არ დაზარალდება. ჩვენი კომპანია აღნიშნულ მოვალეობას იქამდე შეასრულებს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ვვარაუდობთ, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება", - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე თქმით, შესაბამისი ტექნიკა აქვთ. რაც შეეხება ევაკუატორებს, დროებით იქირავებენ, ხოლო მომავალში გამოცხადდება ტენდერი და თბილისის სატრანსპორტო კომპანია მათ შეიძენს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ხორციელდება პარკირების ზონების მოწესრიგება, რომ მძღოლებს მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ. "მიმდინარეობს მოწესრიგება პარკირების ზონების, ასევე ნიშნების მოწესრიგება, იმ ადგილებში, სადაც პრობლემური იყო. რაც შეეხება წესებს და მძღოლების დაჯარიმებას, ჯერჯერობით ზუსტად ისე მოხდება, როგორც აქამდე იყო, თუმცა მერე ვნახოთ რა იქნება", - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისში საპარკინგე სისტემის რეგულირების ახალი მოდელი შეიქმნება, რაც ახალი მუნიციაპლური სამსახურის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა" განაცხადა.

ხმალაძის განმარტებით, მერიის მუნიციპალური სამსახური მზად არის "სითი პარკის" ვალდებულებები შეასრულოს, თუმცა შესაძლოა ჯარიმების გამოწერის ფუნქცია ახალ მუნიციპალურ კომპანიას დაეკისროს.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის საკმაოდ ძლიერი კომპანია გამართული მენეჯმენტით, ტექნიკური და მატერიალური საშუალებებით და ადამიანური რესურსით. აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური იქნება პარკირების რეგულირება დროებით განხორციელდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან. თუმცა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოვაყალიბოთ ახალი საპარკინგე სისტემის რეგულირების მოდელი, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ითვალისწინებდეს ახალი მუნიციპალური სამსახურის შექმნას და პარკირების რეგულირების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია - ჯარიმების დაწერა განახორციელოს ისევ და ისევ მუნიციპალურმა კომპანიამ და ახალმა კომპანიამ", - განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 10 აპრილიდან "სითი პარკის" ხელშეკრულება წყდება. რის მიზეზადაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა. "ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა“", - განაცხადა კალაძემ.

myquiz