მინდელის შახტაში დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა | Allnews.Ge

მინდელის შახტაში დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

მინდელის შახტაში დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი.

"ტყიბულში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მეშახტიდან, ორი გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა, უტარდებათ კვლევები. მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას ტყიბულის კლინიკაში აგრძელებს. ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა, 04:00 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, სამთო დარტყმამ გამოიწვია. როგორც პროფკავშირის წევრმა, მინდელის შახტის ტრანსპორტის უბნის უფროსის თანაშემწემ გიგა ისაკაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სავარაუდოდ, ქანები ჩამოიშალა, რამაც შახტაში მყოფი მუშები მოიყოლა.

"ვარაუდია, რომ სამთო დარტყმა იყო, ანუ ქანების თვითჩამოშლა მოხდა. ჯერჯერობით, ამ ვარაუდის დადასტურება არ შეგვიძლია, უნდა ვნახოთ ადგილზე რა მოხდა", - განაცხადა გიგა ისაკაძემ.