62 წლის მარგალიტა, რომელიც უკვე 36 წელია თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლია | Allnews.Ge

62 წლის მარგალიტა, რომელიც უკვე 36 წელია თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლია

სამუშაო დღეს 6 საათზე იწყებს. პასუხისმგებლობა დიდია, თითქმის 16 საათის განმავლობაში მგზავრებით გადატვირთული 121 ნომერი ავტობუსი უნდა მართოს. მარშრუტი ასეთია: დიდუბის სადგურიდან ზაჰესამდე და პირიქით. რთული სამუშაოს მიუხედავად 36-წლიან პრაქტიკაში ერთი ავტოსაგზაო შემთხვევაც კი არ მოსვლია.

მარგალიტა ნაროუშვილი 62 წლისაა, ცხოვრების ნახევარზე მეტი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვაში გაატარა. მიაჩნია, რომ მისი სამუშაო რამდენადაც საპასუხიმგებლო, იმდენად საპატიოა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ერთადერთი ქალი იყო, რომელიც თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტს მართავდა.

მისი ავტომობილებით დაინტერესების ისტორია ბავშვობიდან იწყება. მამა ავტოსკოლის დირექტორი იყო, ავტომობილის მართვა მარგალიტას სწორედ მან ასწავლა.

"სკოლაში სიარულის პერიოდში მამაჩემი მანქანით მე დამყავდა. როცა დაიღუპა, ოჯახის რჩენა მე დავიწყე და იძულებული ვიყავი, სადაც მაღალი ანაზღაურება იყო, იქ დამეწყო მუშაობა, ამიტომ ტრამვაის მართვა დავიწყე. ამის შემდეგ შემოვრჩი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვა ჩემი საყვარელი პროფესია გახდა, საჭის გარეშე ვეღარ ვძლებ," - აღნიშნავს მარგალიტა.

როგორც თავად იხსენებს, ახალგაზრდობაში საჭესთან მისი დანახვა ზოგის მხრიდან აგრესიულ დამოკიდებულებას, ზოგის მხრიდან კი გაკვირვებას იწვევდა. მგზავრებისა და სხვა მძღოლების მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულება ახლაც არაერთგვაროვანია.

"მგზავრების დიდი ნაწილი თბილად მექცევა, მოდიან, მეკითხებიან, რატომ ავირჩიე ეს პროფესია, ქალების ნაწილისგან კი ხანდახან აგრესიასაც ვგრძნობ, მეუბნებიან, რა გინდა, რატომ მუშაობ... მე მგონია, რომ ასე ისინი ფიქრობენ, ვისაც იმავეს გაკეთება უნდა, რითიც მე ვარ დაკავებული, მაგრამ ვერ ახერხებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ქალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვა არ შეუძლია, ოჯახში უნდა იყოს, არ უნდა იმუშაოს, ყველას თავისი აზრი აქვს. პატარა რომ ვიყავი და მამაჩემი მანქანას რომ მათხოვებდა, ისეთი ცუდი თვალით მიყურებდნენ და ისეთ რაღაცებს ამბობდნენ, ვტიროდი. ტრამვაიზე რომ გადავჯექი ზოგი ქალი მეუბნებოდა, რა გინდა მანდ რომ მუშაობ, პატრონი არ გყავსო, მე კი ვფიქრობდი, რომ ვინც ასე ფიქრობს, განათლების პრობლემა აქვს," - იხსენებს მარგალიტა ნაროუშვილი.

ავტობუსს 12 წელია მართავს. ამბობს, რომ თუ მტკიცე ნერვები არ გაქვს, პასუხისმგებლობას არ გრძნობ და საკუთარი საქმე არ გიყვარს, ამდენი წლის განმავლობაში ერთიდაიგივე საქმის კეთება რთულია.

"სხვა შანსებიც მქონდა, მაგრამ ბავშვობიდან სხვა პროფესიის არჩევაზე არ მიფიქრია. თუ ქუჩაში არ დავდივარ, არ ვმოძრაობ, არ შემიძლია, ვერ ვისვენებ", - აღნიშნავს ის.

მგზავრები, რომლებიც ყოველდღიურად გადაჰყავს, დაუმეგობრდნენ, მათი დიდი ნაწილი კი ბავშვებისგან შედგება. როგორც თავად ამბობს, ბებიის საქმიანობა შვილიშვილებს განსაკუთრებით მოსწონთ.

მარგალიტა ნაროუშვილს მიაჩნია, რომ ავტომობილის, ამ შემთხვევაში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარგად მართვა რომელიმე სქესის თანდაყოლილი უნარი არ არის.
მისი თქმით, როგორც კაცს, ისე ქალსაც თანაბარი შესაძლებლობები აქვს და მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ავტობუსის მართვა ძალიან შრომატევადი საქმიანობაა, მას თავადაც ისე წარმატებით უძღვება, როგორც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" დასაქმებული კაცები.

"მახსოვს, თბილისის წინა მერს ვთხოვე, რომ კომპანიაში ქალების მიღება გამოცხადებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. მიმაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებში კაცები უფრო ხშირად ხვდებიან, რადგან ზოგიერთი მათგანი ქალებზე ბევრად რისკიანია, ქალი კი ფრთხილია და მგზავრების გადაყვანის თვალსაზრისითაც, უსაფრთხოებას უფრო იცავს," -განმარტავს ის.

მარგალიტა დამრღვევი მძღოლების მიმართ მკაცრია, მოძრაობის წესების დაცვისკენ მათ ხშირად მოუწოდებს ხოლმე. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, დამრღვევი მძღოლების ძირითადმა ნაწილმა მოძრაობის წესები არ იცის ან გამოცდილება აკლია. შენიშვნები კი განსაკუთრებით მაშინ აქვს, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტს გზას არ უთმობენ.

myquiz