რის გამო უჩივიან ექიმებს საქართველოში? | Allnews.Ge

რის გამო უჩივიან ექიმებს საქართველოში?

2017 წელს სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში პაციენტების ან მათი ახლობლების მხრიდან 170 საჩივარი შევიდა.

როგორც სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზალდასტანიშვილი განმარტავს, საჩივრები ძირითადად სამედიცინო დახმარების ხარისხს და დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ფაქტებთან დაკავშირებით სავალდებულო შეტყობინებებს შეეხებოდა.

"ასევე შეიძლება გეგმიური შემოწმების დროს რაიმე ხარვეზის აღმოჩენა და შემდეგ ამ მიმართულებით შესწავლა მომხდარიყო. 170 შემთხვევიდან თითოეულს შეიძლება სხვადასხვა საფუძველი ჰქონოდა. საჩივრების მიხედვით, ძირითადად, მომსახურების ხარიხთან უკმაყოფილებას გამოთქვამენ, არ მოსწონთ სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება, შესაძლოა, საჩივარი ფინანსურ საკითხებსაც უკავშირდებოდეს," - განმარტავს ხათუნა ზალდასტანიშვილი.

მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოში ექიმებს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდათ

მისი ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭომ 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობის 305 საკითხი განიხილა, საიდანაც პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 300 ექიმს, 2-ის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობის დაკისრება არ მომხდარა. ხათუნა ზალდასტანიშვილის თქმით, 2017 წელს 207 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, 93 ექიმს კი სხვადასხვა ვადით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.

გარდა ამისა, პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით ბოლო წლებში მზარდი სტატისტიკა არ დაფიქსირებულა.

"დედათა და ბავშთა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით მომართვა დაახლოებით იგივეა, რაც წინა წლებში. შეიძლება უფრო მეტი შემთხვევის შესწავლა ხდებოდეს, მაგრამ შემთხვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით ნამდვილად არ არის განსხვავებული," - აღნიშნა მან.

ხათუნა ზალდასტანიშვილის თქმით, სააგენტოში საჩივრები სამედიცინო პერსონალის მხრიდან მედიკამენტების შეუსაბამო დოზის გამოწერასა და არასწორი დიაგნოზის დასმასთან დაკავშირებითაც ხდება.
"ამ საკითხის შესწავლა ყველა მიმართულებით ხდება. მომართვა უფრო მეტად არის იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო პერსონალის მხრიდან დამოკიდებულება შეიძლება არ იყოს კორექტული.

"არასწორად დასმული დიაგნოზიც ასევე დახმარების ხარისხზე მიუთითებს და შესაბამისად, ესეც მსჯელობის საგანია. შესწავლის პროცესში ასევე ერთვებიან დარგობრივი სპეციალისტები და პროფესიული განვითარების საბჭოზე საბოლოოდ შეჯერებული ფორმატით გადის და მსჯელობა ხდება," - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და ამ მიმართულებით ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი.

myquiz