ძლიერი ქარის შედეგები დასავლეთ საქართველოში | Allnews.Ge

ძლიერი ქარის შედეგები დასავლეთ საქართველოში

ძლიერი ქარის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის მერიაში განუცხადეს, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა და ხეები მოგლიჯა.

მერიის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთს რამდენიმე უბანში ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა. შემთხვევის ადგილზე ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია ზარალს დღეს დაითვლის.

"ძლიერ ქარმა დაბა ნარუჯასა და დაბა ნასაკირალში მრავალბინიან კორპუსებს სახურავის ნაწილი გადახადა. მოთხრილია ხეები და დაზიანებულია გაზის მილები. ქარმა პრობლემები სოფელ მთისპირსა და ნაგომარში შექმნა. ადმინისტრაციულ შენობებსა და კერძო საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. პრობლემებია სოფელ ოზურგეთსა და ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩებზე. იაკობ შემოქმედის, წულუკიძის, ბესიკის, აღმაშენებლის და ჩოხატაურის ქუჩებზე რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. რამდენიმე უბანს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. შემთხვევის ადგილზე ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის. ამ დროისთვის ოზურგეთში ძლიერი ქარია",- აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

ძლიერმა ქარმა სამეგრელოს მუნიციპალიტეტიც, კერძოდ, ჩხოროწყუ, წალენჯიხა და სენაკი დააზარალა. წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სამი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, მათ შორის ერთს სახურავი მთლიანად გადახადა. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, დაზარალებულებს საწვიმარი ბრეზენტები სახლის დროებით გადასახურად დაურიგდათ, ამ დროისთვის კი ზარალს ითვლიან.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში კი ქარმა ხეები წააქცია. საავტომობილო გზაზე მოძრაობა არ შეფერხებულა. ჯერჯერობით მერიაში მოსახლეობის მხრიდან დახმარების თხოვნით შეტყობინებები არ შესულა.

რაც შეეხება სენაკს, იქ ქარმა ერთ სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა.

სხვა მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული პრობლემები სტიქიას არ გამოუწვევია, თუმცა შეფერხებული იყო ელექტროენერგიის მიწოდება, რომელიც ამ დროისთვის აღდგენილია.

myquiz