ლიფტში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი ბავშვის ახლობლები შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ | Allnews.Ge

ლიფტში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი ბავშვის ახლობლები შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ

ლიფტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის ახლობლები "ინტერპრესნიუსთან" შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ. მათი თქმით, მოძალადე, რომელმაც მოზარდს მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, იმავე სადარბაზოში, მე-7 სართულზე ცხოვრობდა, სადაც თავდასხმა მოხდა.

მათივე ინფორმაციით, ოჯახს და თავად დაზარალებულსაც აღნიშნულ პიროვნებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ახლობლები ორ ვერსიაზე საუბრობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ მოძალადეს ფსიქიკური აშლილობა აქვს ან რომელიმე სექტის წარმომადგენელია.

"ბავშვი ბრუნდებოდა სკოლიდან და როგორც თვითონ ამბობს, მასთან ერთად ლიფტში შევიდა თავად მოძალადეც, რომელიც ამავე კორპუსში მეშვიდე სართულზე ცხოვრობს. მან ლიფტი სართულებს შორის გააჩერა და ბავშვს დაუწყო ცემა. როგორც ბავშვი ყვება, მანაც გაუწია წინააღმდეგობა, რის შემდეგაც ამ პიროვნებამ დაუჭირა თავი, გაახელინა თვალები და თითები შეარჭო. ამის შემდეგ ბავშვი ყვება, რომ მან თვალთან იგრძნო დატკაცუნება და დაკარგა მხედველობა. ეს მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი. ამის მერე მეზობლებმა გაიგეს ბავშვის ყვირილის ხმა, დაიწყეს ლიფტის კარების გაღება, რასაც დაჭირდა გარკვეული დრო. ის ბავშვს ამ დროის განმავლობაშიც ფიზიკურად უსწორდებოდა. ამ დროისთვის ბავშვი კონტაქტურია, თუმცა, მას აქვს ძლიერი ტკივილები და უკეთებენ გამაყუჩებლებს. შინაგანი ორგანოები გადარჩენილია, როგორც ექიმები გვეუბნებიან, სახეზე აქვს მრავლობითი დაზიანებები, ფაქტობრივად ბავშვს სახე არ უჩანს", - აცხადებენ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დაშავებულის ახლობლები, რომლებიც ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გუშინ თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ისჯება.

შსს-ს ინფორმაციით, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

"პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - ნათქვამია განცხადებაში.

ბავშვს იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებულია და მკურნალობას ექვემდებარება.

13 წლის მოზარდი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. მასთან დედა და დეიდა იმყოფება.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

myquiz