ვირუსები, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცირკულირებს | Allnews.Ge

ვირუსები, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცირკულირებს

რესპირაციული ვირუსების ცირკულაციის მხრივ საქართველოში საკმაოდ მშვიდი ვითარებაა, თუმცა ცირკულირებს გრიპის B და H1 ვირუსი, ასევე ადენოვირუსები, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები, ავადობა მაღალია, თუმცა ეს ვირუსები გვხვდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ამის შესახებ Allnews.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა.

ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, საბავშვო ბაღებში რესპირატორული ვირუსების გავრცელება სტანდარტული პროცესია. მისი თქმით, აღნიშნული ვირუსები ბავშვებში უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე მოზრდილებში.

"რესპირატორული ვირუსები საკმაოდ გადამდებია და ხვდება ყველა არაიმუნურ ბავშვს, რომელსაც ამ ვირუსების მიმართ იმუნიტეტი არ აქვს, კონკრეტული ვირუსი არასდროს გადაუტანია, ამიტომ დაავადებული ბავშვები უნდა დარჩნენ სახლში, მათი ვიზიტი საბავშვო ბაღსა თუ სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილებში მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული. სახლში ყოფნისასაც იმ ოთახებს, სადაც დაავადებული იმყოფება, ხშირი განიავება, სველი წესით დალაგება უნდა. მოვლის შემთხვევაში ხელების ხშირი დაბანა არის კარგი პრევენცია იმისთვის, რომ ეს ვირუსი გარემოში არ გავავრცელოთ და უფრო მეტი ადამიანი არ გახდეს ავად," - განმარტა ხათუნა ზახაშვილმა.

სპეციალისტის ვარაუდით, ვირუსების ცირკულირება მომდევნო თვის შუა რიცხვებიდან გარკვეულწილად შემცირდება.

"ისინი ცირკულირებენ წლის ნებისმიერ დროს, უბრალოდ დაბალი აქტივობით, არამარტო ჩვენთან, ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ვირუსები ასეთი ხასიათით მიმდინარეობს," - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

myquiz