თბილისის მიკროავტობუსის მძღოლს მხოლოდ 5 ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანის უფლება აქვს - რამდენად სრულდება აღნიშნული რეგულაცია?
თბილისში მგზავრებით გადატვირთული მიკროავტობუსების პრობლემა კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აღსრულების ნაწილში მეტი სიმკაცრეა საჭირო.
Allnews.ge დაინტერესდა, რა რაოდენობის ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანის უფლება აქვს "თბილისის მიკროავტობუსს" და რამდენად სრულდება აღნიშნული რეგულაცია.
როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, თბილისის მერიის მიერ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიკროავტობუსის გადაადგილებისას ფეხზე მდგომი მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა ხუთს შეადგენს, წესის დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმა 100 ლარია.
შეკითხვაზე, რატომ არ სრულდება ხელშეკრულების ეს პირობა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში პასუხობენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებით გადატვირთვას არასაკმარისი რაოდენობით მუნიციპალური ტრანსპორტი იწვევს.
ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრობის საფასურის ბარათით გადახდას აპროტესტებენ
"უსაფრთხოების მიზნით გადატვირთული მგზავრობა დაუშვებელია, ამიტომ ტრანსპორტის მონიტორინგის ჯგუფები მიკროავტობუსებში მონიტორინგს პერმანენტულად ახორციელებენ და გადატვირთული მგზავრობის დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლებს აჯარიმებენ, ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე თბილისს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჰყოფნის, თუმცა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია თბილისისთვის გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეთავაზება, ამიტომ რამდენიმე წლის განმავლობაში 700 ავტობუსის შეძენაა გათვალისწინებული, წელს კი მერია 100 ახალ ავტობუსს შეისყიდის,"- განმარტავენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
"თბილისის მიკროავტობუსში" განმარტავენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის გადატვირთვას საცობები იწვევს, რის გამოც მგზავრებს გაჩერებებზე უფრო მეტი ხნით მოცდა უწევთ და სატრანსპორტო საშუალებებიც იტვირთება. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ გასულ წელს კომპანიამ სპეციალური შიდა დადგენილება გასცა და მძღოლებს დამატებითი მგზავრების აყვანა აუკრძალა, რამაც მათ შორის სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია.
"საცობი არის სრულიად დედაქალაქის პრობლემა, რომლის გასამკლავებლად კომპანიამ გასულ წელს რამდენიმე ასეული მიკროავტობუსიც კი დაამატა, თუმცა ეფექტიანობა ნაკლები იყო, რადგან როდესაც გაჩერებაზე მომლოდინე ადამიანს თუნდაც 10 წუთით მეტხანს დგომა უწევს, ვიდრე უნდა იდგეს, ის გადატვირთულ მიკროავტობუსში ადის, იმიტომ რომ მოძრაობის გრაფიკის საცობის გამო დაცვა ვერ ხერხდება," - აღნიშნეს "თბილისის მიკროავტობუსში".