აუქციონში გამარჯვებული პარტიები დმანისში მიწის იჯარისთვის 5 მილიონის შეგროვებას მოსახლეობაში გეგმავენ
"დმანისის გადარჩენის ფონდის" ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ, იქ მოხდება თანხის ჩარიცხვა, ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა, რომლებიც მზად არიან, რომ ფინანსურად მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რომელიც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, გუშინ დმანისში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით ფლობაზე გამართულ აუქციონში გამარჯვებულია.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, "დმანისის გადარჩენის ფონდი" ჯერჯერობითი ოფიციალურად არ დარეგიტრირებულა, რადგან იუსტიციის სამინისტრომ ეს პროცესი დაახარვეზა, თუმცა რეგისტრაციის პროცესს განაგრძობენ. ვაშაძე ფონდის რეგისტრაციაში გატარების პროცესის დახარვეზებას "შეთქმულებას" უწოდებს და აცხადებს, რომ მასში ჩართულია იუსტიციის სამინისტროც.
"როგორც კი დარეგისტრირდება "დმანისის გადარჩენის ფონდი", იქ მოხდება თანხის ჩარიცხვა. გუშინ ბევრი გვწერდა, რომ ანგარიში მიგვეთითებინა. ამაზე იყო სწორედ გათვლილი იუსტიციის სამინისტროს ქმედება RMG Gold-თან შეთანხმებით, რომ არ მოგვცეს ფონდის რეგისტრაციაზე თანხმობა. მე მეუბნებიან, რომ ფონდზე არასწორი წესდება მივიტანე მაშინ, როცა ამ პროცედურების 90%, თუ როგორ უნდა მოხდეს ორგანიზაციის რეგისტრაცია, ჩემი დაწერილია", - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის განცხადებით, მათ ხელშეკრულების გაფორმებისთვის 45 დღიანი ვადა აქვთ, თუმცა მანამდე პოლიტიკურ პარტიებს სურთ გაიგონ, თუ რა მდგომარეობაშია დამანისში არსებული მიწა, არის თუ არა კომპანია RMG Gold შეჭრილი ამ ტერიტორიაზე და მის გარშემო არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე რა უფლებრივი ვალდებულებები არსებობს RMG Gold -თან მიმართებით.
"მომავალ კვირაში გვქნება შესაბამისი ღონისძიებები. ძალიან დიდი ჩართულობა იყო მოსახლეობის მხრიდან. ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა, რომლებიც მზად არიან, რომ ფინანსურად მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, თუმცა ვიდრე ჩვენ ამ პროცედურაზე გადავალთ, უნდა დავადგინოთ ამ მიწის უფლებრივი მდგომარეობა. ეს არის პირველი რიგის ამოცანა, რადგან აქამდე ეკონომიკის სამინსიტრო მალავდა ამ ინფორმაციას და პირდაპირ შეთქმულებაში იყო RMG Gold-თან. დღეს ჩვენ, როგორც აუქციონში გამარჯვებულ სუბიქტებს, გვაქვს უფლება, რომ მივიღოთ სრულფასოვანი ინფორმაცია არა მარტო ამ მიწასთან, არამედ მის გარშემო არსებულ მიწის ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომ განვსაზღვროთ უფლებრივად ნაკლული ხომ არ არის ეს მიწა", - განაცხადა ვაშაძემ.
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე აუქციონი გუშინ დასრულდა. როგორც ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი, ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონზე გატანილი ლოტი, 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას იჯარით, 5 056 320 ლარად გადაეცა. ლოტის საწყისი ფასი 15 000 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ აუქციონი ბოლო წუთებში გააქტიურდა, შესაბამისად, მსურველებს დამატებითი დრო მიეცათ.
როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, აუქციონში სამი მსურველი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ კომპანია RMG Gold და პოლიტიკური პარტიების მიერ დაარსებული "დმანისის გადარჩენის ფონდი". მათი ინფორმაციით, სწორედ RMG Gold ვაჭრობდა ორი სუბიექტით. აუქციონში "დმანისის გადარჩენის ფონდმა" გაიმარჯვა.