საქართველოში თითქმის ყოველი მეორე დასაქმებული შაბათ-კვირასაც მუშაობს | Allnews.Ge

საქართველოში თითქმის ყოველი მეორე დასაქმებული შაბათ-კვირასაც მუშაობს

"თითქმის ყოველი მეორე დასაქმებული ადამიანი (43%) ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობს". ამის შესახებ IPM-ის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის ფარგლებში 500 რესპონდენტი გამოიკითხა, მათი დასაქმების მდგომარეობისა და სამუშაო დატვირთვის შესახებ და გაირკვა, თუ რა დროს უთმობენ ადამიანები სამსახურს.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა 36% დასაქმებულია როგორც დაქირავებული თანამშრომელი ან დაკავებულია კერძო ბიზნესით. დარჩენილი 64% კი არ არის დასაქმებული, მათ შორის არიან პენსიონერები და დიასახლისები.

"როგორც აღმოჩნდა, დასაქმებული რესპონდენტები დღის განმავლობაში საშუალოდ, 7 საათს და 50 წუთს ატარებენ სამსახურში. კაცები უფრო დიდხანს არიან სამსახურში, ვიდრე ქალები. კერძოდ, კაცები 8 საათსა და 10 წუთს ატარებენ სამუშაოზე, ქალები - 7 საათსა და 25 წუთს. ქვეყანაში არსებული დასაქმების პოლიტიკიდან და გავრცელებული სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის მონაცემები დასაქმებულ რესპონდენტთა სამუშაო გრაფიკის შესახებ: თითქმის ყოველი მეორე დასაქმებული ადამიანი (43%) მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.

სამუშაოზე დღის განმავლობაში ყველაზე მეტ დროს (9,4 სთ) 55-64 წლის ასაკის კაცები ხარჯავენ. ბუნებრივია, სამუშაო საათების განმავლობაში, უშუალოდ სამუშაო აქტივობების გარდა, დრო არასამუშაო აქტივობებსაც ეთმობა. ამისთვის დასაქმებულები საშუალოდ 32 წუთს ხარჯავენ, რაც საერთო სამუშაო დროის 7,7%-ს შეადგენს. გამოკითხულთა 17,6% კი მიიჩნევს, რომ სამსახურში არცერთი წუთით არ არის დაკავებული არასამუშაო საქმიანობით,"- ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, კვლევის თანახმად, ყოველდღიურად, არასამუშაო საქმიანობაზე ყველაზე მეტ დროს - 37 წუთს, 25-34 წლის ახალგაზრდები და საპენსიო ასაკთან მიახლოებული, 55-64 წლის ადამიანები ხარჯავენ.

წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz