როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდი - იხილეთ სინოპტიკოსის პროგნოზი | Allnews.Ge

როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდი - იხილეთ სინოპტიკოსის პროგნოზი

19-20 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 23-28 გრადუსამდე მოიმატებს, მთიან რაიონებში 19-24 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 12-17 გრადუსი სითბო შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 18-23 გრადუსამდე გათბება, მთიან რაიონებში 17-22 - გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 11-16 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, -ამის შესახებ Allnews,ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, 21 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსვლას იწყებს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, ამიტომ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

"დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა წინა ორ დღესთან შედარებით, თითო-თითო გრადუსით დაიკლებს, დაბლობში ნავარაუდევია 12-17 გრადუსამდე სითბო. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ 13-18 გრადუსამდე სითბო შენარჩუნდება," - აღნიშნა დოდო გვაზავამ.

22-23-24 მარტს დღის პირველ ნახევარში ცალკეულ რაიონებში, შესაძლებელია, ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექიც.

"24 მარტს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება, და განპირობებული იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლით, ამიტომ 24 მარტს დღის ბოლოს უმეტეს რაიონში იწვიმებს," - აღნიშნა დოდო გვაზავამ.

მისივე ინფორმაციით, 25 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11-13 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 12-15 გრადუსი.

myquiz